ახალი ამბები

საქართველოში ყველაზე მეტად “იმედსა” და “რუსთავი 2-ს” უყურებენ – კვლევა

11 მაისი, 2022 • 1715
საქართველოში ყველაზე მეტად “იმედსა” და “რუსთავი 2-ს” უყურებენ – კვლევა

“საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ხშირად ტელეკომპანია “იმედს” უყურებს, მას მოსდევს “რუსთავი 2” და “მთავარი არხი”. აღნიშნული ტელევიზიები დაასახელა გამოკითხულმა მოსახლეობამ კითხვაზე, “რომელ ტელევიზიებს უყურებთ კვირაში ერთხელ მაინც?”.

ამავე კითხვაზე გამოკითხულთა ყველაზე მცირე ნაწილმა დაასახელა რუსული და პრორუსული ტელევიზიები: 5% – Russia 24; 7% – ალტ-ინფო; 11% – Channel One Russia [ORT]; 21% – ობიექტივი.

ხოლო კითხვაზე, “რამდენად ენდობით ან არ ენდობით თითოეულ სატელევიზიო არხს ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ”, გამოკითხულთა ყველაზე მეტმა, 23%-მა თქვა, რომ ენდობა ტელეკომპანია “იმედს”, 18% – ტელეკომპანია “მთავარი არხს”, 16% კი- “ტელეკომპანია პირველს”.

გამოკითხულთა ყველაზე მცირე – 1% ენდობა Russia 24-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, 3-3% – ალტ-ინფოსა და Channel One Russia-ს [ORT].

კვლევის თანახმად, ჯამში, მოსახლეობის 30% ყოველკვირეულად უყურებს 1 პრორუსულ არხს, 11% კი ამბობს, რომ ენდობა ერთ პრორუსულ არხს მაინც.

ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ყოველკვირეულად უყურებს პრორუსულ არხებს, მეტად არის დაინტერესებული ახალი ამბებით.

რაც შეეხება სოციალურ მედიას, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% კვირაში ერთხელ მაინც იყენებს Facebook-ს, 57% – Youtube-ს, 25% – Instagram-ს, 16% – Tik-Tok-ს, 4-4% – Twitter-ს და Odnoklosniki-ს, 3% – Vkontakte-ს.

მიმოწერისთვის გამოკითხულთა 65% იყენებს Messenger-ს, 35% – Viber-ს, 30% – WhatsApp-ს, 4% – Telegram-ს, 2% – Signal-ს.

საერთო ჯამში, ყველაზე პოპულარულ პლატფორმად რჩება ტელევიზია. კითხვაზე, “თუ გასულ თვეზე იფიქრებთ, საშუალოდ, რამდენად ხშირად გქონდათ წვდომა შემდეგ მედიასაშუალებებზე?”, გამოკითხულთა 85%-მა თქვა, რომ კვირაში ერთხელ მაინც უყურებს ტელევიზიას. 71% კვირაში ერთხელ მაინც იყენებს სოციალურ მედიას, 56% მოიხმარს ონლაინ მედიას, 8% მოიხმარს ბეჭდურ მედიას, 7% უსმენს რადიოს.

ამასთან, კვლევის თანახმად, ტელევიზია და სოციალური მედია დეზინფორმაციის ყველაზე გავრცელებულ წყაროებად მიიჩნევა. კერძოდ, გამოკითხულთა 56%-ის თქმით, ყველაზე ხშირად ყალბ ინფორმაციას ტელევიზიებში აწყდება, 38%-ის თქმით კი, სოციალურ მედიაში ხვდება ყველაზე ხშირად დეზინფორმაციებს.

ამავდროულად, გამოკითხულთა 48%-თვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო ინფორმაციის მისაღებად არის ტელევიზია, 25%-თვის- სოციალური მედია, 13%-სთვის კი- ოჯახის წევრები.

კითხვაზე, “წარმოიდგინეთ, რომ წააწყდით ისეთ მნიშვნელოვან ან გასაკვირ ახალ ამბავს, რომელიც, თქვენი აზრით, ყალბია და გსურთ გაარკვიოთ, არის თუ არა ინფორმაცია ნამდვილი, რას მოიმოქმედებთ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად?”, გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ არ გადაამოწმებდა ამ ინფორმაციას,  24% კი ამბობს, რომ შეამოწმებდა ალტერნატიულ წყაროებს, 20%-ის თქმით, შეეკითხებოდა ოჯახს და მეგობრებს.

ასევე, გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციის ამოცნობა ძირითადად არ შეუძლია, 10% თვლის, რომ საერთოდ არ შეუძლია ამოცნობა, 14% სრულად დარწმუნებულია, რომ დეზინფორმაციის ამოცნობა შეუძლია, 21% კი “ძირითადად დარწმუნებულია”.

კითხვაზე, “რამდენად ხშირად ხვდებით ახალ ამბებს ან ინფორმაციას, რომელიც, თქვენი აზრით, არასწორად ასახავს რეალობას ან ტყუილია?”- 18%-მა თქვა, რომ დღეში რამდენჯერმე ხვდება მსგავსი ინფორმაცია, 37% – ყოველდღე, 18% – ყოველკვირა, 5% – ყოველთვე, 6% – არასდროს.

დეზინფორმაციას კრიტიკულ საკითხად მიიჩნევს გამოკითხულთა 73%, ნეიტრალურია 12%, ხოლო კრიტიკულ საკითხად არ მიიჩნევს 3%.


“საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. CRRC-მ ჩაატარა 3,024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება:33%).

გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად, შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. გამოკითხვის შედეგები ასევე წარმომადგენლობითია ცალკეულად თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის.

ცდომილების საშუალო ზღვარია +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით). ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო “უარი პასუხზე“ არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%-ს, ამიტომ მოხდა „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე” დაჯამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი