ახალი ამბები

მიკროავტობუსებში ფეხზე მდგარი მგზავრობა ზოგ ხაზზე დროებით დაუშვეს – მერია

10 მაისი, 2022 • 909
მიკროავტობუსებში ფეხზე მდგარი მგზავრობა ზოგ ხაზზე დროებით დაუშვეს – მერია

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ახალი მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომით მგზავრობა კომპანიამ ზოგიერთ ხაზზე, პიკის საათებში, დროებით დაუშვა.

თბილისის მერიის თანახმად, მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომით გადაყვანას მასშტაბური ხასიათი არ გააჩნია, რაც მერიის თანახმადვე, „დასტურდება ტრანსპორტის სამსახურის ყოველდღიური მონიტორინგით“.

„რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში საგრძნობია მგზავრთნაკადის ზრდა, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს, ფეხზე დგომით იმგზავროს“, – მისწერეს „ნეტგაზეთს“ თბილისის მერიის პრესცენტრიდან.

მერიის განცხადებითვე, ეს გადაწყვეტილება დროებითია და „ის არ სცდება მიკროავტობუსების საპასპორტო მონაცემებით დაშვებულ ნორმას“.

მას შემდეგ, რაც 2022 წლის პირველი თებერვლიდან ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლად ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით, მძღოლებს აეკრძალათ ფეხზე მდგარი მგზავრების გადაყვანა.

ბოლო პერიოდში ფეისბუკზე არაერთი მომხმარებელი წერდა, რომ ზოგიერთ ხაზზე, სადაც მგზავრთნაკადის ზრდა შეინიშნებოდა, მძღოლები მოქალაქეებს მაშინაც უჩერებდნენ, როცა საკმარისი ადგილები [სკამები] არ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი