ახალი ამბები

EU-ში კონსენსუსის წესის შეცვლაზე მსჯელობენ

10 მაისი, 2022 • 2209
EU-ში კონსენსუსის წესის შეცვლაზე მსჯელობენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების სისტემის რეფორმას ზოგიერთ სფეროში ერთსულოვანი ხმის მიცემის გაუქმების გზით.

ევროკავშირში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, რომ კონსენსუსზე დაფუძნებული სისტემა და 27-ივე წევრი სახელმწიფოს შეთანხმება ანელებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, განსაკუთრებით კი, უკრაინის ომთან დაკავშირებით. მაგალითად, ევროკავშირს მომზადებული აქვს სანქციების მეექვსე პაკეტი, რაც რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას გულისხმობს, თუმცა უნგრეთი და ბულგარეთი აღნიშნულს ეწინააღმდეგებიან.

ევროპის მომავლის შესახებ კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის ხელშეკრულებების რეფორმას, “თუ საჭირო იქნება”.

„თქვენ გვითხარით, საითკენ გინდათ წავიდეს ევროპა. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, დავადგეთ პირდაპირ გზას, არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში რისი გაკეთებაც შეგვიძლია თუ, საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულებები შევცვალოთ“, — თქვა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა ითამაშოს მეტი როლი ჯანდაცვისა და თავდაცვის სფეროებში.

”ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ზოგიერთ ძირითად სფეროში ერთსულოვან კენჭისყრას უბრალოდ აზრი აღარ აქვს, თუ გვსურს უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ”, — თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ყოველთვის იქნება მათ გვერდით, ვისაც ევროკავშირის უფრო ეფექტიანი მუშაობა სურთ.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესთავაზა, ივნისის სამიტზე განიხილონ ხელშეკრულებების რეფორმირება.

მისი თქმით, ევროპამ აჩვენა თავისი ეფექტურობა პანდემიისა და უკრაინის ომის დროს და ახალი გამოწვევაა, „იყოს ისეთივე ეფექტური მშვიდობის დროს და კრიზისის გარეშე“.

ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მომხრეა ევროკავშირის მოთხოვნის შეცვლაზე წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვანი შეთანხმების შესახებ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

Euronews-ის ინფორმაციით, ყველა ქვეყანა ჯერ არ არის შეთანხმებული ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლაზე.

ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვის, მალტის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვენიისა და შვედეთის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, შეთანხმდნენ რეფორმის გარკვეულ ვარიანტზე, თუმცა არ უჭერენ მხარს ხელშეკრულებების “დაუფიქრებელ და ნაჩქარევ” ცვლილებებს და მიიჩნევენ, რომ ეს გამოაცლის ევროკავშირს პოლიტიკურ ენერგიას, იპოვოს კონსენსუსური გამოსავალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი