ახალი ამბები

“მცირე სასოწარკვეთას ავლენს” – ბენ უოლესი პუტინის საცხრამაისო განცხადებაზე

9 მაისი, 2022 • 1351
“მცირე სასოწარკვეთას ავლენს” – ბენ უოლესი პუტინის საცხრამაისო განცხადებაზე

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა „ზღაპრული პრეტენზიები“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ნატო-ს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ რუსეთზე.

ვლადიმერ პუტინმა ნაციზმზე გამარჯვების 77 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ სამხედრო აღლუმზე განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში დასავლეთმა უარი თქვა მოსკოვის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე, რადგან ნატოს ქვეყნებს „სულ სხვა გეგმები“ ჰქონდათ.

„ღიად მიმდინარეობდა მზადება დონბასში მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის, ჩვენს ისტორიულ მიწებზე, მათ შორის, ყირიმში შემოჭრისთვის. კიევში განაცხადეს ბირთვული იარაღის შესაძლო შეძენის შესახებ. ნატოს ბლოკმა ჩვენი მიმდებარე ტერიტორიების აქტიური სამხედრო განვითარება დაიწყო. ამრიგად, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხე სისტემატურად იქმნებოდა, თანაც, პირდაპირ ჩვენს საზღვრებთან. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ შეტაკება ნეონაცისტებთან, ბანდერასთან, რომლებზეც შეერთებული შტატები და მათი უმცროსი პარტნიორები იმედებს ამყარებენ, გარდაუვალი იქნებოდა. ჩვენ ვნახეთ, როგორ ვითარდებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურა, როგორ დაიწყო მუშაობა ასობით უცხოელმა მრჩეველმა, რეგულარულად ხდებოდა ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდება ნატოს ქვეყნებიდან. საფრთხე ყოველდღე იზრდებოდა“, — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი, რომელმაც თქვა, რომ „ზღაპრული პრეტენზიები“, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი წლებია აყენებს, „სახალისო იქნებოდა, ტრაგიკული რომ არ იყოს“.

„მისი ერთ-ერთი პრეტენზია არის ის, რომ ის არის გარშემორტყმული. ნატო რუსეთის სახმელეთო საზღვრის 6%-ს ესაზღვრება. ეს არ არის გარშემორტყმა. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინაში ნატოს ბაზები იყო და, დარწმუნებული ვარ, უკრაინის ელჩი გეტყვით, რომ უკრაინაში ნატოს ბაზები არ ყოფილა. ვფიქრობ, პუტინს სჯერა იმის, რისი დაჯერებაც უნდა —  ეს სასოწარკვეთის მცირე გამოვლინებაა. ნატო, დიდი ბრიტანეთი, აღმოსავლეთ ევროპა არ გეგმავს რუსეთში შეჭრას და არც არასდროს გეგმავდა“, — განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

24 თებერვლიდან  პუტინის რუსეთი უკრაინაში იმპერიალისტურ ომს აწარმოებს, რომლის მიზანიც თავდაპირველად უკრაინის ხელისუფლებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცვლილება იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვერ შეძლეს კიევის დაკავება, ომის მეორე ფაზა დაიწყო, რომლის გაცხადებულ მიზანსაც აღმოსავლეთ უკრაინაში ტერიტორიული წინსვლა წარმოადგენს.https://netgazeti.ge/news/609442/

მასალების გადაბეჭდვის წესი