ენმ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებასა და მათი უფლებების დაცვას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება პარტიის სახით, ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა. დეკანოიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“პარტიის სახელით მინდა გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ძალიან მძიმე ფაქტს, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების სრულ თავგასულობას, უტიფრობასა და კანონის ფარგლებს გარეთ მიმართულ დანაშაულს, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ჩვენი მეგობრების, თანამებრძოლების, დეპუტატების, აქტივისტების, საკრებულოს წევრების დაკავების სახით.
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ლიდერები, პარტიები, ევროპა გამოხატავს ძალიან მნიშვნელოვან შეშფოთებას და არა მხოლოდ შეშფოთებას, არამედ პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გააკეთოს ყველაფერი, დაიცვას ადამიანის უფლებები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიცოცხლე, რომელიც მას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით და ყველა კონვენციით დაიცვას.
ამ პირობებში გუშინდელ შეკრებილ მშვიდობიან, თავისუფალ მანიფესტაციას, სადაც ადამიანები სწორედ მოითხოვდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანას მესამე ქვეყანაში, როცა აუცილებელია მისი სიცოცხლის დაცვა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ძალიან მძიმე შემთხვევა, რომელიც ნამდვილად არის ძალიან სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
უკანონოდ შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, სამართალდამცველთა არაპროპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა უკანონო დაკავებები, რომლის უპირველესი მიზანი არის თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ის, რომ მიხეილ სააკაშვილზე საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განცხადება.
გარდა ამისა, მოხდა კანონმდებლობის შერჩევითი გამოყენება აქტივისტების, ჩვენი მეგობრების და თანაგუნდელების სრულიად უსაფუძვლო დაკავება. მსგავსი შემთხვევები ხდება რუსეთში, ბელორუსიაში, როდესაც თავისუფალ მშვიდობიან მანიფესტაციებს ახშობენ სწორედ პოლიციელების მეშვეობით, რომლებიც სრულიად უკანონოდ აკავებენ და რეალურად მშვიდობიანი და თავისუფალი სიტყვის გამოხატვას უშლიან ხელს. მსგავსი შემთხვევები ხდება ზუსტად იმ რეჟიმში,რომელიც რეალურად არის ავტორიტარული რეჟიმები და არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან.
დაკავებულები არიან ჩვენი მეგობრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები – გიორგი კირთაძე, ლევან ანთაძე, გია აბულაძე. ბათუმის საკრებულოს წევრები – რევაზ ხარაზი, ლაშა კილაბერია, ნოდარ დუმბაძე, ილია ჯინჭარაძე, ბაჩი მექვაბიშვილო, ეკა ზარია, მამუკა ქობულაძე და ასევე აქტივისტები, სულ 22 ადამიანი, რომლის ადგილსამყოფელის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს და მათ შორის იმ პოლიციელებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ემსახურონ რეჟიმს ყოველგვარი კანონის ფარგლებს გარეთ. ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ბათუმში, იმას რასაც ჩვენ მუდმივად, განგრძობითად ვუყურებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე საქართველოს ხელისუფლების მიერ არ არის დაცული, ეს ყველაფერი წარმოადგენს ძალიან დიდ გამოწვევას და დაბრკოლებას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.
ეს არ არის ის მოცემულობა, როდესაც საქართველომ წესით ძალიან მალე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, ნებისმიერი მანიფესტაციის, პროტესტის ასეთი ჩახშობა და ასევე ყველაზე უფრო მძიმე გამოწვევა ქვეყნისთვის, რომელიც ეხება ზუსტად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის სიცოცხლეს, მისი სიცოცხლის გადარჩენას, რომელსაც მოითხოვენ ჩვენი მეგობრები, მუდმივად მოვითხოვთ ჩვენ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პირდაპირი კავშირები აქვს რუს ოლიგარქიასთან, არ სურს საქართველოს ევროპული გზა და საქართველოს განვითარება.
მე მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, გამოხატვის თავისუფლებას, კონსტიტუციას და დაფიქრდეს საქართველოს ხელისუფლება, როდესაც ყველა ანგარიშში ასახულია ის, რომ საქართველოში სამართალდამცავი უწყებები არ ასრულებენ მოქალაქეების ნებას და ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმს და შემდეგ, ამაში იღებენ გასამრჯელოს და პრემიებს.
დაფიქრდეს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი და გამოუსწორებელი მძიმე დარტყმა მიაყენოს ქვეყნის მომავალს. დაფიქრდნენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილი და ეს ადამიანი ზის კრემლში, რომ საქართველოში იყოს ზუსტად ისეთი ქმედებები, არაკანონიერი ქაოსი და ადამიანების დაკავება, დაჭერა და ყოველგვარი შერჩევითი სამართლის გამოყენება და ევროპულ გზაზე საქართველოს დაბრკოლება და დიახ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განადგურება, რომელიც ზის კრემლში და რომელსაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი.
მე მოვითხოვ პარტიის სახელით დაუყონებლივ მათ განთავისუფლებას, მოვითხოვ მათი უფლებების დაცვას და რა თქმა უნდა, მოვითხოვ იმას, რომ ყველამ გაიგოს, ამ ქვეყანაში ლუკაშენკოს და პუტინის მსგავსი რეჟიმები ვერასდროს გაიმარჯვებენ”, – განაცხადა დეკანოიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში აქცია, 6 მაისს, რუსთაველის უნივერსიტეტის შენობასთან დაიწყო, შემდეგ კი აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს და კარვები გაშალეს.