ახალი ამბები

გამოწერილი ნივთების განბაჟებისას დამატებითი საფასურის გადახდა მოგიწევთ

6 მაისი, 2022 • 4664
გამოწერილი ნივთების განბაჟებისას დამატებითი საფასურის გადახდა მოგიწევთ

შემოსავლების სამსახურმა თავისი მომსახურების საფასურები გააძვირა, ზოგ სერვისზე კი ახალი გადასახდელი დააწესა. შედეგად, უცხოეთიდან გამოწერილ 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციაზე, განბაჟების გარდა, დამატებითი გადასახადის გადახდაც მოგიწევთ.

ცვლილებების მიხედვით, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმების საფასური, რომლის ღირებულებაც 300 ლარზე მეტი, მაგრამ 3 000 ლარზე ნაკლებია, 20 ლარი იქნება. 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილის გასაფორმებლად კი დამატებით 100 ლარი იქნება გადასახდელი. 10 000 ლარზე მეტი ღირებულების ტვირთის გაფორმების საფასური კი 300 ლარს შეადგენს.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ცვლილებები ხორციელდება მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რომელიც 14 მაისიდან ამოქმედდება და ძირითად მიზნებს წარმოადგენს თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისება, მათ შორის, დეკლარანტების/მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი, განსხვავებული საფასურების შემოღება.

უწყების განცხადებით, საქონლის საბაჟო დეკლარაციების „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ შევსებისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საქონლის დეკლარირების წახალისების ფარგლებში ფართოვდება იმ პროცედურების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებისას შესაძლებელია საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დეკლარირება.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, თვითმომსახურებისა და საქონლის წინასწარი (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირების წახალისების მიზნით, ქვემოთ მოცემული საბაჟო პროცედურებისთვის მომსახურების საფასურები განისაზღვრა შემდეგნაირად:

გარდა ზემოაღნიშნულისა, ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ მომსახურების გაწევის მიზნებისთვის არასამუშაო დროდ განისაზღვრა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 21:00 საათიდან მომდევნო დღის 10:00 საათამდე პერიოდი, შაბათს − 21:00 საათიდან ორშაბათის 10:00 საათამდე პერიოდი და უქმე დღეები.

ამასთანავე, შემოსავლების სამსახურის განცხადებით, გაფორმების ორგანოებში არასამუშაო დროს შეიზღუდება ისეთი საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ საქონელს.

ნორმატიული აქტი, ასევე, მოიცავს შემდეგი მიმართულებებით ცვლილებებს:

  • კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა და გაფორმება;
  • მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით სარგებლობა;
  • მატერიალური ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციისა და მისი თანმხლები დოკუმენტების ასლების გაცემა;
  • ფიტოსანიტარიულ ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემა;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომისათვის, შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემის“ მომსახურება;
  • საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის გაფორმება;
  • სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის მიზნით სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება.

სრულად ცვლილებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი