ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეების ჯარში გაწვევის იდეა გაჩნდა

6 მაისი, 2022 • 2541
სომხეთში ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეების ჯარში გაწვევის იდეა გაჩნდა

სომხეთში პროსახელისუფლებო დეპუტატებმა სომეხ სამხედროებს მოუწოდეს, ჯარში ან სამხედრო წვრთნებზე გაიწვიონ ოპოზიციის დემონსტრაციებში მონაწილეები, რომლებიც პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

“თუ ოპოზიციის პოლიტიკური მიზანი არის არცახისა [მთიანი ყარაბაღი] და სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დაკავებულები ჭეშმარიტი პატრიოტები და მოქალაქეებიც უნდა იყვნენ, რომლებმაც საკუთარი ვალი უნდა მოიხადონ არმიის წინაშე. მოვუწოდებ პოლიციას და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურს, ამ მოქალაქეების პირადი მონაცემები სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცენ “, – შეთავაზა დეპუტატებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ანდრანიკ კოჩარიანმა.

როგორც გამოცემა წერს, კოჩარიანის იდეას მხარი დაუჭირეს სხვა სახელისუფლებო დეპუტატებმაც და სხდომაზე მყოფმა სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმაც.

“ცუდი არ იქნებოდა, პატრიოტულად განწყობილმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღონ ჩვენი საზღვრებისა და არცახის საზღვრების დაცვაში”, – განაცხადა სომხეთის სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელმა აშოტ ზაქარიანმა.

მისმა მოადგილემ, ატურ მარტიროსიანმა კი განმარტა, რომ უწყება შეეცდება, ოპოზიციონერი ახალგაზრდების მონაცემები თავდაცვის სამინისტროს გადასცეს, რომელიც შემდეგ დაადგენს, ვინ ექვემდებარება ჯარში გაწვევას.

სახელისუფლებო წარმომადგენელების ინიციატივას უკანონო, ადამიანის უფლებების დამრღვევი და შემაშფოთებელი უწოდეს სომხეთში უფლებამდამცველებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომელთა მოსაზრებით, მსგავსი იდეა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების დევნა პოლიტიკური ნიშნით.

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული ოპოზიციის დაუმორჩილებლობის აქციებზე 1 მაისის შემდეგ პოლიციამ ასობით მომიტინგე დააკავა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდა ასაკის კაცია. ყველა მათგანი პოლიციამ რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლა. სომხეთში ოპოზიციის აქციები გრძელდება.

დაუმორჩილებლობის აქციები სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით

ქუჩის აქციები სომხეთში ოპოზიციამ  რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის საკითხზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთისგან მოითხოვს თამასის დაწევას ყარაბაღის სტატუსის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ოპოზიციის მტკიცებით, ფაშინიანის მთავრობა გეგმავს, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს და, შესაბამისად, მოქალაქეებს მოუწოდებენ, ფაშინიანის გადაყენების გზით ხელისუფლების განზრახვას  ხელი შეუშალონ.

44- დღიანი ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. თუმცა, სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის ამ დრომდე არ გაფორმებულა. სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, სხვა მოთხოვნების პარალელურად, აზერბაიჯანი უარს ამბობს ყარაბაღელი სომხების რაიმე განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მსჯელობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხედვაში ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები გახდებიან. ამ საკითებზე მსჯელობა სომხური ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მწვავე კრიტიკას იწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი