კომენტარი

“თუ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, პრიორიტეტი ფიზიკური გადარჩენაა” – ინტერვიუ ექიმთან

4 მაისი, 2022 • 3096
“თუ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, პრიორიტეტი ფიზიკური გადარჩენაა” – ინტერვიუ ექიმთან

„ცილოვანი შიმშილი ანორექსიის მიზეზით“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი დიაგნოზია. სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით, პატიმარი სააკაშვილი დღე-ღამეში საჭირო კალორიების მხოლოდ 1/4-1/3-მდე დოზას იღებს და თვეში 8 კგ წონას კარგავს. მას აქვს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია, შერჩევითად უარს ამბობს ცილოვან პროდუქტებზე — აუტანლობის (გულისრევის) მიზეზით, ცილოვანი შიმშილის ფონზე კი გამოხატულია კუნთების განლევა, სისუსტე, ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება. რამდენად სერიოზულია ეს მდგომარეობა და როგორი უნდა იყოს მკურნალობა? — ამ საკითხზე „ნეტგაზეთი“ ფსიქიატრს, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონიას ესაუბრა.

ეკა ჭყონია; ფოტო: საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება

— პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია და „ადაპტაციის აშლილობა“, რაც დასახელდა ექიმთა კონსილიუმის მიერ, იწვევს თუ არა ანორექსიას და რამდენად მაღალია 50+ ასაკის კაცებში ანორექსიის განვითარების ალბათობა?

— ნერვული ანორექსიის ალბათობა მიზერულია, მაგრამ ანორექსია — მადის დაქვეითება — სახეზეა. ნერვული ანორექსია გულისხმობს, რომ ადამიანს კვების ჩვევები აქვს შეცვლილი — ცოტას ჭამს, ჭამს და მერე უკან აბრუნებს. მაგრამ არის იქ კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ეს ხდება და იმიტომაც ჰქვია ნერვული ანორექსია. ნერვული ანორექსია ერთ-ერთი ყველაზე ლეტალური ფსიქიკური აშლილობაა იმიტომ, რომ მთლიანად გართულებულია ორგანიზმის მეტაბოლიზმი.

მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ნერვული ანორექსიის დიაგნოზი პირადად ჩემთვის სრულიად გამორიცხულია,  მაგრამ თვითონ ანორექსიის ფაქტს არავინ უარყოფს. ანორექსია ნიშნავს მადის დაქვეითებას ან გაქრობას, როდესაც ადამიანი ვერ ჭამს ან არ ჭამს საჭმელს. ისევე როგორც ინსომნია ნიშნავს უძილობას, რომელსაც ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ადამიანს აქვს ფილტვების ანთება, მაღალი სიცხე და ახველებს. თუ მივცემ სიცხის დამწევს და ხველის წამალს, მაგრამ არ ვმკურნალობ მიზეზს — ფილტვების ანთებას — სიმპტომების მკურნალობა რას უშველის?  მადის დაქვეითება და საკვების მიუღებლობა შეიძლება განპირობებული იყოს არაერთი მიზეზით — სიმსივნეებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით და ამ შემთხვევაში გამოსაკვლევია, რა გახდა ამ ანორექსიის მიზეზი და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მკურნალობა.

ვუსმენდი ცნობებს, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილისთვის სულ 7 დიაგნოზია დასმული (მათ შორის ვერნიკეს ენცეფალოპათია). მე არ ვიცი, რატომ გაკეთდა აქცენტი მარტო ფსიქიატრიულ დიაგნოზებზე, როდესაც საკმაოდ სერიოზული ნევროლოგიური და სხვა სომატური დიაგნოზები დგას. გამოქვეყნებულ დასკვნაში ეს ვერ ვნახე. კიდევ იყო ნათქვამი, რომ ძალიან ბევრ მედიკამენტს იღებს, რომელთა გვერდითმა მოვლენებმაც შეიძლება გაართულოს მდგომარეობა. ძალიან დამაბნეველია ეს ცნობები. წერენ დეპრესიას, მაგრამ მე არ ვიცი, რომელ დეპრესიაზეა საუბარი — დეპრესიული ეპიზოდია, რეკურენტული დეპრესიაა, ბიპოლარული თუ სხვა? შეიძლება იყოს სხვა სამედიცინო პრობლემებით გამოწვეული მეორადი ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ დეპრესიულ აშლილობაზე, როგორც სინდრომზე, ეს ტვინის დაავადებაა. დეპრესიის ერთ-ერთი ნიშანი, უძილობასთან ერთად, არის მადის დაქვეითება. დეპრესიის კონტექსტში ანორექსიაზე კი არ ვსაუბრობთ, მადის დაქვეითებაზე ვსაუბრობთ. მაგრამ მადის დაქვეითება და მადის გაუკუღმართება სხვადასხვა რაღაცაა. მე არ ვიცი, ანორექსია ცალკე რატომ დაწერეს, თითქოს იმიტომ, რომ არის მადის დაქვეითება, ცილების მიუღებლობა.

[არანერვული] ანორექსია ცალკე არანაირი დიაგნოზი არ არის, ისევე როგორც დეპრესია ცალკე აღებული დიაგნოზი არ არის. უნდა დააზუსტონ, რომელ დეპრესიაზეა საუბარი. სრული დიაგნოზი რომ არ არის, მე მიჭირს პასუხების გაცემა. არ ვიცი, რომელ დეპრესიაზე და რა მიზეზით განპირობებულ ანორექსიაზეა საუბარი, მაგრამ ამ ეტაპზე ფსიქიატრიული პრობლემა რომ არის, ამას არავინ უარყოფს — პოსტტრავმული სტრესული აშლილობა სახეზეა და კონსილიუმშიც უნდა იყოს ფსიქიატრი. მაგრამ კამათში — ნერვული ანორექსიაა, კახექსიური ანორექსიაა თუ რაღაც სხვა მდგენელის — აზრს ვერ ვხედავ. მთავარია, აქვს ადამიანს ცილოვანი შიმშილი — ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც დროული მკურნალობის გარეშე მას მიიყვანს ლეტალობამდე და ცილოვანი შიმშილის პრობლემაში ფსიქიატრიული დიაგნოზი წამყვანი არ უნდა გახდეს.

— რა შეიძლება იყოს ცილოვანი შიმშილის მიზეზი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას და როგორი უნდა იყოს მკურნალობა? 

— ცილოვანი შიმშილის მიზეზი შეიძლება იყოს სრულიად შეცვლილი მეტაბოლური პროცესები, რომელიც ამდენი ხნის შიმშილობის მერე განვითარდა. დიდხანს რომ შიმშილობს ორგანიზმი, ნივთიერებათა ცვლის სეროზული გაუკუღმართება ხდება და შემდეგ ნორმალური მეტაბოლიზმის აღდგენას ძალიან დიდი დრო, ძალისხმევა და ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. იმიტომ არის საჭირო ხანგრძლივი შიმშილის მერე ინტენსიური სუპერვიზიის ქვეშ ყოფნა, ნივთიერებათა ცვლის აღდგენა და ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება. როგორც ფსიქიატრს, არ მგონია, რომ სწორი მიდგომა იყოს და დამაბნეველია ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბარი. ეს არის ფსიქიატრიული მდგომარეობა, გახანგრძლივებული დეპრესია მერე გადადის ნეიროკოგნიტურ პრობლემებში. არასწორად არის დიაგნოზები მოწოდებული და მერე მისი ინტერპრეტაცია, გაუბრალოებულია და რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ ადამიანი არის მოწყენილი, ცუდ ხასიათზე, ამის გამო მადა არა აქვს და განუვითარდა ცილოვანი შიმშილი. ეს ძალიან გამარტივებული აღქმაა იმ მდგომარეობის, რაც ჩვენ სახეზე გვაქვს. სახეზე გვაქვს ძალიან გახანგრძლივებული შიმშილობა, ამდენი მედიკამენტია დანიშნული, რამდენად თანმიმდევრულად მიდიოდა მკურნალობა, არ ვიცით… ჯერ უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზები, დადგეს დიფერენცირებული დიაგნოზი, თუ რამ გამოიწვია მისი ცილოვანი შიმშილი. ცილოვანი შიმშილი ნიშნავს, რომ ორგანიზმი ვერ იწოვს ცილებს — არ ჭამს და იმიტომ, თუ ჭამს და ვერ იღებს თუ რა ხდება, არის დასადგენი. გუნება-განწყობიდან გამომდინარე უარს აცხადებსო, არასწორია — ჯერ ერთი ,ყველამ თქვა, რომ უარს არ აცხადებს საჭმელზე.

— ითქვა, რომ არ შიმშილობს, მაგრამ კონკრეტულად ცილოვან საკვებს არ/ვერ იღებს. შესაძლებელია, შერჩევით ცილებს ვერ იღებდეს ორგანიზმი და  სხვებს — კი? მაგალითად, “ქართული ოცნების” თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ დასვა კითხვა, რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოსო?

— დიახ, შესაძლებელია, იმიტომ, რომ ცილების მიღებაში ცილები მონაწილეობენ. ცილებს ვერ იღებს და ვერ ამუშავებს იმიტომ, რომ არ აქვს ის ფერმენტები, რომლებიც ცილებს შლიან. ნუტრიციოლოგს უნდა ჰკითხოთ, რატომ ვერ იღებს მაინცდამაინც ცილებს, თუმცა ხანგრძლივი შიმშილის დროს მეტაბოლური პროცესები სერიოზულად შეცვლილია. როდესაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ხდება დანახარჯის შევსება, ორგანიზმი მერე იწყებს თავისი რესურსის ათვისებას გაუკუღმართებული გზით. და იმიტომ არის, რომ ხანგრძლივი შიმშილის მერე ძალიან ხანგრძლივი და ინტენსიური  სუპერვიზიის [ზედამხედველობის] ქვეშ არის საჭირო ნივთიერებათა ცვლის აღდგენა და ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება. ცილების აუთვისებლობის პრობლემას შეიძლება ძალიან ბევრი სხვადასხვა დაავადება განაპირობებდეს.

— შეიძლება საქმე გვქონდეს შიმშილობის შემდეგ არასწორად და არასრულფასოვნად წარმართულ კვების აღდგენის პროცესზე?

— მე ამას ვერ შევაფასებ. თუმცა ახლა თუ ცილოვანი შიმშილი სახეზეა (და ეს ლაბორატორიული ანალიზებით დგინდება, მათ შორის, ალბუმინის კრიტიკულად დაბალ მონაცემებზე იყო საუბარი), დღესვე, ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს მკურნალობა — დღესვე გადაესხას შესაბამისი ნივთიერებები. ეს უკვე ნუტრიციოლოგების საკითხია და მათ უნდა მართონ პროცესი. რაც შეეხება ფსიქიკურ მდგომარეობას, ეს დამატებითი პრობლემაა, ოღონდ მარტო ანორექსიის კი არა, ზოგად კონტექსტში. მაგრამ დღევანდელ დღეს მთავარი არის მისი მძიმე სომატური მდგომარეობა (სხეულთან დაკავშირებული, არა ფსიქიკური მდგომარეობა). პირველ რიგში, უნდა გამოიყვანონ მძიმე სომატური მდგომარეობიდან, რომ არ დაიღუპოს ორგანიზმი. ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და არა იმაზე, დეპრესია არის თუ არა. დეპრესია არის და იმასაც უნდა მოუარო, თუმცა აქცენტის გაკეთება აუცილებელია მის სომატურ მდგომარეობაზე.

— ამ მდგომარეობის ციხის პირობებში მკურნალობას რამდენად შესაძლებლად მიიჩნევთ? კონსილიუმის მიერ ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. არის ასეთი კომპლექსური ცენტრი საქართველოში?

— მე არ ვიცი, ციხეში რა პირობებია. ვიცი, რომ როდესაც ასეთი მდგომარეობაა, გადასხმასთან ერთად, უნდა მიმდინარეობდეს ანალიზების აღება, მონიტორინგი — რას გადაუსხამ, როგორ შეიცვალა მდგომარეობა, რა დაამატო და ა.შ. ამაზე ხარ დამოკიდებული, ამიტომ უნდა გყავდეს ძალიან კარგად მომზადებული ჯგუფი, რომელსაც ცილოვანი შიმშილის მდგომარეობის მართვა შეუძლია.  ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის კომპლექსური ცენტრის შესახებ საქართველოში არ გამიგია. კვებით აშლილობებთან დაკავშირებით ძალიან მდიდარ ქვეყნებშიც სულ რამდენიმე სპეციალიზებული კლინიკაა, რომლებიც იღებენ პაციენტებს კვებითი აშლილობით. შეიძლება ჩვენთანაც არის კერძო სექტორში, ვერ გეტყვით. თუ მაინცდამაინც ნერვულ ანორექსიასთან გვაქვს საქმე (რისი ალბათობაც მიზერულია), საქართველოში ამის სამკურნალო დაწესებულება არ არსებობს და ვუშვებთ ხოლმე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე გვაქვს ურთიერთობა ბრიტანეთთან. იქაც შეზღუდულია საწოლების რაოდენობა ასეთი პაციენტებისთვის.

თუმცა, ვიმეორებ, ძალიან დამაბნეველია, როდესაც საუბარია ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ამის რეაბილიტაციაზე. თუ ცილოვანი შიმშილია, მდგომარეობა არის გადაუდებელი. ეს არის ძალიან სერიოზული, მძიმე მდგომარეობა და ის არ გაუმჯობესდება, გამწვავდება, მით უმეტეს, როდესაც არ ხდება არანაირი მკურნალობა და ჩარევა. ამიტომ, პირველ რიგში, დღესვე უნდა გადაიყვანონ იმ დაწესებულებაში, სადაც ამ პრობლემას მაინც მოევლება და შემდეგ  მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე გადაწყვიტონ, შემდეგ ეტაპზე რა უნდა გაკეთდეს, მათ შორის ფსიქიატრიული მდგომარეობის მხრივ. ადამიანი მომაკვდავია და ფსიქოლოგიური დახმარების პრიორიტეტად გამოტანა ცოტა არალოგიკურად მეჩვენება. პრიორიტეტი ახლა არის ფიზიკური გადარჩენა და არა ფილოსოფია დიაგნოზების მრავალფეროვნებაზე და მრავალსახეობაზე.

ცილოვანი შიმშილი იწვევს ორგანიზმის დაშლას. ადამიანი არის ცილები, ყველა უჯრედი მისგან შედგება. ცხიმები შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ადამიანს, ნახშირწყლები და ცხიმები გვჭირდება იმისთვის, რომ ცილები აწარმოოს ორგანიზმმა, ცილებთან არის დაკავშირებული მთელი ჩვენი ცხოველქმედება. ამიტომ ცილოვანი შიმშილი არის კატასტროფა. როგორც კი ცილოვანი შიმშილი იწყება, ორგანიზმი იშლება  — იშლება გული, ღვიძლი, კუჭი და ყველაფერი და მერე საკმაოდ მალე კვდება ადამიანი.  ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან სერიოზული ფსიქიკური და არა — ფსიქოლოგიური აშლილობები, ამ ეტაპზე პირველი და გადაუდებელი დახმარება უნდა გაეწიოს ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ცილოვანი შიმშილი მოიხსნას და ფიზიკური გადარჩენა მოხდეს და შემდეგ ეტაპობრივად გადაწყდეს, რა უნდა გაკეთეს სხვა, მათ შორის ფსიქიკური აშლილობების მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი