მოსკოვში სასამართლომ 2-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა 45 წლის ვიტალი კოლცოვს, რომელმაც “როსგვარდიის” ავტობუსს მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მას ჰქონდა სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფის განზარხვა, რასაც კოლცოვი უარყოფს.
გამოძიების თანახმად, 3 მაისს მოსკოვში, რევოლუციის მოედანზე, კოლცოვმა 2 მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ტექნიკას, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის ეროვნული გვარდიის(“როსგვარდია”) მთავარ დირექტორატს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უჩნდება ცეცხლი ავტობუსის მცირე ნაწილს. ამის შემდეგ ცეცხლს აქრობენ, პოლიცია კი მომხდარში ეჭვმიტანილს აკავებს.
გამოცემა “მედიაზონის” თანახმად, საქმის მასალებში ნათქვამია, რომ ინციდენტის დროს ავტობუსში პოლიციელი იმყოფებოდა. ამის გამო გამოძიება მიიჩნევს, რომ კოლცოვს “სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა სიცოცხლის ხელყოფა” ჰქონდა განზრახული.
სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფის მუხლი, რომლითაც ვიტალი კოლცოვს ედავებიან, 12-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“მედიაზონა” აღნიშნავს, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად, უვადო პატიმრობის განაჩენი არ დამდგარა ისეთ შემთხვევებში, როცა უშიშროების დაშავებული თანამშრომელი გადარჩა.
სასჯელის უკიდურესი ზომა, რომელიც ხსენებული მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ეხება, სიკვდილით დასჯაა. თუმცა უფლებადამცველთა გაერთიანება OVD-Info ხაზს უსვამს, რომ ამჟამად რუსეთში მორატორიუმია გამოცხადებული სასჯელის აღნიშნულ ზომაზე.
სასამართლო პროცესზე კოლცოვმა უარყო მისთვის წაყენებული ბრალდება.
“[პოლიციის] თანამშრომლის მოკვლას არ ვგეგმავდი. ვაპირებდი, ზიანი მიმეყენებინა სატრანსპორტო საშუალებისთვის. არ ვიცოდი, შიგნით ვინმე თუ იყო და ვვარაუდობდი, რომ ცეცხლს სწრაფად ჩააქრობდნენ, თანამშრომლები კი [ავტობუსიდან] სწრაფად გადმოვიდოდნენ.
თავად მუხლი არ არის მთლად სწორი, მაგრამ აშკარაა, რომ დანაშაული ჩავიდინე”, — ციტირებს მას “Vot Tak TV”.
სასამართლო პროცესზე ვიტალი კოლცოვმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებისას რამდენჯერმე ჩაარტყეს იარაღის კონდახი.
“მედიაზონა”, რომელიც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას აშუქებს, იუწყება, რომ მის მიერ შესწავლილი მასალები არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, მიიღო თუ არა ავტობუსში მჯდომმა პოლიციელმა დაზიანებები ინციდენტის შედეგად.
კოლცოვის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე გადაჭარბებულია და გამოძიება სტერეოტიპულად მიმდინარეობს.
ვიტალი კოლცოვი რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მას ცოლი და სამი შვილი ჰყავს.
“Vot Tak TV” წერს, რომ კოლცოვი პოლიტიკით დაახლოებით 2010 წლიდან დაინტერესდა. ის ოპოზიციურ აქტივობებში მონაწილეობდა, რის გამოც აქამდეც ყოფილა დაკავებული.
როგორც OVD-Info წერს, 2 მაისის ინციდენტის შემდეგ, ღამით, პოლიცია ვიტალი კოლცოვის სახლშიც მივიდა ჩხრეკის მიზნით. ამ დროს სახლში დაკავებულის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
სასამართლო პროცესზე დაკავებულის ცოლმა ითხოვა, წინასწარი დაკავების იზოლატორის ნაცვლად, კოლცოვი შინაპატიმრობაში გადაეყვანათ, რათა თავის შვილებთან ყოფნის საშუალება მისცემოდა. მოსამართლემ თხოვნა არ გაითვალისწინა.