ახალი ამბები

მოსკოვში პოლიციის მანქანას მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

3 მაისი, 2022 • 854
მოსკოვში პოლიციის მანქანას მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

მოსკოვში, რევოლუციის მოედანზე, დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციის მანქანას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ინფორმაცია 2 მაისს გაავრცელეს რუსულმა ტელეგრამ არხმა “Baza” და მედიაგამოცემამ “Mediazona”.

“Baza”-ს თანახმად, ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, პოლიციის ტექნიკა ყოველთვის დგას. მოლოტოვის კოქტეილის სროლის შემდეგ ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

მოგვიანებით, 3 მაისს, ამავე ტელეგრამ არხმა მომხდარის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ იწვის პოლიციის ტექნიკის მცირე ნაწილი, რის შემდეგაც ცეცხლს აქრობენ, მოგვიანებით კი პოლიცია აკავებს მომხდარში ეჭვმიტანილს.

“Baza”-ს თანახმად, კაცი, რომელმაც პოლიციის ტექნიკას ცეცხლი გაუჩინა, 45 წლის ვიტალი კოლცოვია. გასულ წლებში ის ორჯერ იყო დაკავებული: 2017 წელს — პოლიციის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობის, 2019 წელს კი — აქციის ორგანიზების ან გამართვის დადგენილი წესის დარღვევის ბრალდებით.

როგორც ტელეგრამ არხი წერს, მოლოტოვის კოქტეილის სასროლად მოედანზე გასულ კოლცოვს კოსტუმი ეცვა და ხელში ჩემოდანი ეჭირა.

“სხვათა შორის, ვიტალიმ ჩემოდნის გახსნაზე უარი თქვა და პოლიციას ეგონა, რომ იქ მათ კიდევ ერთი სიურპრიზი დახვდებოდათ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ მხოლოდ ასანთის ყუთი და ტელეფონი იდო. მანქანის დაწვის საქმის მასალები საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა”, — წერს “Baza”.

მასალების გადაბეჭდვის წესი