ახალი ამბები

სასკოლო კვებაზე UNICEF-ის ჩართულობით კონცეფციის შემუშავება იგეგმება

17 ნოემბერი, 2021 • 827
სასკოლო კვებაზე UNICEF-ის ჩართულობით კონცეფციის შემუშავება იგეგმება

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სახელმწიფო უწყებები საჯაროდ აცხადებენ, რომ სკოლებში ბავშვთა კვების დანერგვაზე მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა ამ დრომდე უცნობია ხელშესახები და კონკრეტული დეტალები .

ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკა მელია, თბილისის მერობის კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში შესაბამისი დაპირებით წარდგა, მმართველ გუნდში კი განაცხადეს, რომ თავადაც მუშაობდნენ შესაბამის საკითხზე.

საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან რამდენიმე დღის წინ სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტრო ამ შეხვედრაზე მოკლედ ამბობს, რომ – „მხარეებმა ისაუბრეს მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების დეტალებზე და მისი განხორციელების, მართვისა და ლოჯისტიკის საკითხებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ კვების რაციონში, რომელიც სპეციალისტების მიერ არის შედგენილი, გათვალისწინებული იქნება კონკრეტული რეგიონის სოფლის მეურნეობის პროდუქტები.“

მათივე ინფორმაციით, სასკოლო კვების პროგრამაზე ასევე შეიქმნება სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, დღეს, 17 ნოემბერს, ხალილმა შეხვედრა გამართა ჟურნალისტებთან და რამდენიმე კითხვას უპასუხა:

„დავინახე პოლიტიკური ნება“ – UNICEF

ბავშვთა კვებაზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გეგმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ღასან ხალილმაც დაადასტურა.

„მინდა აღვნიშნო, რომ წინა პარასკევს შევხვდი პრემიერ-მინისტრს. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში ბავშვთა მდგომარეობა და ასევე განვიხილეთ სკოლებში კვების პროგრამაც. პრემიერ-მინისტრს მალევე მოჰყვა განათლების სამინისტროც და გუშინ მე მქონდა კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და დღეიდან შეხვედრები დაიწყება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებით.

ჩვენ ძალიან მალე სრულ კონცეფციას შევადგენთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავაკმაყოფილოთ სკოლებში ბავშვების საჭიროებები“, – თქვა მან.

ღასან ხალილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

UNICEF მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ბავშვებს შესთავაზონ. საუბრისას ხალილი  ხაზს უსვამს სასკოლო კვების უპირატესობებს და ამბობს, რომ ამგვარი პროგრამა ხელს შეუწყობს ბავშვების სკოლაში დარჩენის მაჩვენებელს, გაზრდის მათ აკადემიურ მოსწრებას და ასევე დაეხმარება ადგილობრივ მეურნეობას, რომელმაც სამომავლოდ, შესაძლოა, მიაწოდოს სკოლებს ესა თუ ის პროდუქტი.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ნათელი იყო, რომ სახელმწიფოს აქვს ნება, რომ უზრუნველყოს ყველაფერი, რაც საჭიროა, და ეს ასევე დადასტურდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან“, – განაცხადა ხალილმა ჩვენს კითხვაზე საპასუხოდ.

რაც შეეხება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, UNICEF-ის წარმომადგენლის თქმით, ჯგუფი შექმნის კონცეფციას, რომელიც საბოლოოდ კიდევ ერთხელ წარედგინება პრემიერ-მინისტრს.

აღნიშნული კონცეფცია დაეფუძნება UNICEF-ის კვლევას, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება.

ღასან ხალილი ამბობს, რომ განსახილველია ბევრი საკითხი, მაგალითად ის, თუ რა უნდა შედიოდეს ბავშვთა სასკოლო კვების პროგრამაში – იქნება ეს ე.წ. ლანჩ ბოქსი, წასახემსებელი თუ სხვა. თავად UNICEF-ის რეკომენდაციაა, რომ შემუშავებული მოდელი ითვალისწინებდეს ისეთ საჭმელსა თუ კერძებს, რომელშიც ყველა საჭირო ნივთიერებაა ბავშვებისთვის.

„ეს ყველაფერი ეტაპობრივად მოკლე დროში განიხილება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთ თვეში ეს მოდელი შემუშავდება“, – დასძენს ის.

ჩვენს დამატებით კითხვაზე, ხომ არ უსაუბრია ან პრემიერთან, ან განათლების მინისტრთან იმ მიზეზებზეც, თუ რატომ არ დაინერგა ეს პროგრამა მანამდე, ღასან ხალილმა გვიპასუხა, რომ მათ წარსულზე არ უსაუბრიათ.

რაც შეეხება თანხებს, რომელიც ამ პროგრამაზე გამოიყოფა, ეს დეტალი ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც კონცეფცია შემუშავდება.

სკოლებში ბავშვთა კვების უპირატესობები და საერთაშორისო გამოცდილება

მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ სკოლებში უფასო კვებას ბავშვთა ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე დადებითი ზეგავლენა აქვს.

მაგალითად, აშშ-ის საკვების კვლევისა და მოქმედების ცენტრი (FRAC) ამბობს, რომ სკოლებში უფასო საკვები ხელს უწყობს როგორც ბავშვებში ჭარბწონიანობის შემცირებას, ასევე, მათ მიერ უფრო ჯანსაღი საკვების მიღებასა და საკვებთან დაკავშირებული სტრესის კლებას.

იგივე ორგანიზაცია წერს, რომ მოსწავლეებს, რომლებიც უფრო ხშირად განიცდიან შიმშილს, უფრო დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ. მათ უფრო ხშირად აქვთ ქცევითი, კონცენტრაციის და სხვა პრობლემები. ამასთანავე, ისინი უფრო ხშირად აცდენენ გაკვეთილებს. ასეთი ბავშვების რაოდენობა, რომელიც ისედაც ძალიან მაღალი იყო, პანდემიისას კიდევ უფრო გაიზარდა. მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის თანახმად (WFP), მსოფლიოს მასშტაბით სასკოლო ასაკის 39 მილიონ ბავშვს სჭირდება სასკოლო კვება.

ორგანიზაციის თანახმადვე, ბოლო 60 წლის განმავლობაში ის მხარს უჭერს სკოლებში კვების პროგრამებისა და ინიციატივების დანერგვას და 100-ზე მეტ ქვეყანასთან თანამშრომლობით ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდა, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. დოკუმენტი WFP-მ სასკოლო კვების პროგრამების დასანერგად შეიმუშავა, ორგანიზაცია წერს, რომ:

„სკოლაში ბავშვთა კვების პროგრამაზე დახარჯულ ყოველ 1 დოლარს ეკონომიკაში 20 დოლარის უკუგება აქვს გაუმჯობესებული ჯანმრთელობის, განათლებისა და პროდუქტიულობის ხარჯზე“.

სკოლებში ბავშვთა კვების სხვადასხვა მოდელი შემუშავებული აქვს არაერთ ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთს, ესტონეთსა და სხვა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ სკოლებში ბავშვთა კვების საკითხმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დროს დაიბრუნა აქტუალურობა. კერძოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები ახალი დაპირებებით – „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“.

მანამდე კი იგივე მოთხოვნა ჰქონდა მოძრაობა „ხმას“, რომელმაც ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კამპანიას იწყებდა.

ვრცლად წაიკითხეთ:

უფასო კვება სკოლებში – შესაძლებლობა თუ უბრალო დაპირება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი