ახალი ამბები

საია: „ლიბერთი“ პენსიონერს სესხის გადასაფარად ახალ სესხს სთავაზობდა

4 მაისი, 2022 •
საია: „ლიბერთი“ პენსიონერს სესხის გადასაფარად ახალ სესხს სთავაზობდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერს სესხის გადასაფარად ახალი სესხის აღება შესთავაზა. ორგანიზაცია წერს, რომ პენსიონერმა სამართლებრივი დახმარების თხოვნით საიას 2022 წელს მიმართა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბენეფიციარს საპენსიო ასაკი 2022 წლის იანვარში შეუსრულდა. საიას თქმით, პენსიის დანიშვნის შემდეგ კუთვნილი პენსიის მიღების მიზნით მიმართა ლიბერთი ბანკის ერთ-ერთ ფილიალს, თუმცა ბანკის წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ პენსიას ვერ მიიღებდა, რადგან ბანკის წინაშე ჰქონდა შესასრულებელი წლების წინ აღებული სასესხო ვალდებულება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საბანკო დაწესებულების მითითებით, პენსიონერმა განცხადებით მიმართა დაწესებულებას და სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მოითხოვა პენსიის მისთვის გადაცემა, თუმცა  სესხის გადასაფარად ბანკმა შესთავაზა ახალი სესხის აღება, რაც მნიშვნელოვნად აუარესებდა პენსიონერის მდგომარეობას. ამასთან, საიას თქმით, ბანკმა უარი განაცხადა პენსიონერისთვის ხელშეკრულების ასლების გადაცემაზე:

„საკითხის შესწავლის მიზნით, საიამ ბანკს მიმართა საჩივრით (საპრეტენზიო განაცხადით), რომელშიც მოთხოვნილი იყო სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაკავებული პენსიის პენსიონერისთვის გაცემა და პენსიის დაკავების საფუძველთან დაკავშირებით წერილობითი განმარტების მიღება. საკითხის შესწავლის შემდეგ ბანკმა გაითვალისწინა საჩივარში მითითებული სამართლებრივი არგუმენტაცია, რის შედეგადაც პენსიონერმა შეძლო პენსიით სარგებლობა“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამ ტიპის პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საიას სხვა მოქალაქეებმაც მიმართეს. შესაბამისად, საიაში მიიჩნევენ, რომ ამ საქმეზე დადგენილი პრაქტიკა შესაძლოა სხვა ბენეფიციარებისთვისაც იყოს სასარგებლო.

რა უნდა იცოდეთ, თუ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით

პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საია აღნიშნულ საკითხზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ პენსიის დაკავების საფუძველი შეიძლება იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება ან შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება. თუკი პენსიის დაკავება მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ორგანიზაციის თქმით, შესაძლებელია პენსიის მაქსიმუმ 50%-ის დაკავება. ასევე, საიას თქმით, პენსიის დაკავების საფუძველი არის ბანკთან დადებული ხელშეკრულება, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბანკიც ვალდებულია, ხელშეკრულების პირობების მიუხედავად, მხედველობაში მიიღოს მითითებული რეგულაცია.

საია აცხადებს, რომ პრობლემის გადაჭრის მიზნით, პირველ რიგში, პენსიონერმა საბანკო დაწესებულებას უნდა მიმართოს საჩივრით (საპრეტენზიო განაცხადით) და მოითხოვოს პენსიის გაცემა, აგრეთვე, ინფორმაცია პენსიის დაკავების მიზეზთან დაკავშირებით (წერილობითი საპრეტენზიო განაცხადის სტანდარტული ფორმის მიღება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში):

„თუ აღმოჩნდება, რომ პენსიის დაკავების საფუძველი არის პენსიონერსა და ბანკს შორის დადებული შეთანხმების (ხელშეკრულების) ის პირობები, რომელთა მიხედვითაც ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს ბანკში მსესხებლის ანგარიშზე არსებული თანხების მსესხებლის თანხმობის გარეშე ნაწილობრივი ან სრული ბლოკირება ან/და უაქცეპტოდ ყველა გადასახდელის მსესხებლის ანგარიშიდან ჩამოწერა და ბანკი უარს ამბობს დარიცხული პენსიის გაცემაზე, პენსიონერმა შესაძლებელია მიმართოს სარჩელით სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეკრულების მითითებული სტანდარტული პირობის ბათილად ცნობა, უსაფუძვლოდ ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება და მსგავსი ტიპის ქმედების სამომავლოდ განხორციელების აკრძალვა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველა პენსიონერმა, მისი საკრედიტო ისტორიის მიუხედავად, სრულად უნდა შეძლოს სახელმწიფოს მიერ დადგენილი პენსიით სარგებლობა, მეორე მხრივ კი, საბანკო დაწესებულებებმა პენსიონერი მსესხებლების საბანკო ვალდებულებების დაფარვის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოქმედი რეგულაციები და არ შელახონ პენსიონერების უფლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი