The Insider-ის ცნობით, „აზოვსტალიდან“ ჩაბარებულ უკრაინელ ჯარისკაცს ჯერ ვიდეო გადაუღეს და დაჰპირდნენ, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, შემდეგ კი მოკლეს.

გამოცემა „მნიშვნელოვანი ამბების“ ცნობით, გავრცელდა ფოტო, რომელზეც აღნიშნული ჯარისკაცი აღბეჭდილი „აზოვსტალიდან“ ჩაბარებულ კიდევ 4 სამხედროსთან ერთადაა. თუმცა დანარჩენების ბედი უცნობია.

გამოცემის ცნობით, ვიდეო “ჩაბარებულ” სამხედროებთან ერთად  სეპარატისტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის პრესსამსახურმა 20 აპრილს გამოაქვეყნა, სადაც ისმის, რომ სამხედროებს ჰპირდებიან “სიცოცხლის შენარჩუნებასა და სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ საერთაშორისო კანონების დაცვას”.

თუმცა ერთი კვირის შემდეგ ერთ-ერთი ჯარისკაცის, დენ ზვონიკის დედამ მიიღო გარდაცვლილი შვილის ფოტოსურათი. მისი თქმით, ტატუ, რომელიც გარდაცვლილს სხეულზე აქვს, ადასტურებს მის ვინაობას.

CNN-თან ინტერვიუში ქალი დარწმენებულია, რომ მისი შვილი რუსმა სამხედროებმა მოკლეს.

„მნიშვნელოვანი ამბების“ ცნობით, ჟურნალისტები კიდევ ერთი სამხედრო ტყვის ცოლს დაუკავშირდნენ. მისი თქმით, 19 აპრილს ქმარმა დაურეკა და უთხრა, რომ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სამხედროები იქ არ მიიყვანეს.

„არც კი გვეუბნებიან, სად არიან დაკავებულები“, – ამბობს ერთ-ერთი სამხედრო ტყვის ცოლი.


„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ.  ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება შეტევის ახალი მიმართულებებით გადატანის შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.