ახალი ამბები

ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა

3 მაისი, 2022 • 1650
ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა

დღეს, 3 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ელისეს სასახლის თანახმად, საუბარი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეხებოდა, 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

მათივე ცნობით, მაკრონმა გააფრთხილა პუტინი უკრაინაში ომის შედეგების შესახებ და მოუწოდა შეწყვიტოს „დამანგრეველი აგრესია“.

მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ასევე გამოთქვა თავისი ღრმა შეშფოთება მარიუპოლისა და დონბასის რეგიონში არსებული სიტუაციის გამო.

კრემლის ცნობით კი, პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ დასავლეთს შეუძლია ხელი შეუწყოს  „სისასტიკეების შეჩერებას კიევის ხელისუფლებაზე შესაბამისი გავლენის მოხდენით, ასევე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით“.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს განუცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა დიალოგის გასაგრძელებლად მიუხედავად „კიევის არათანანმიმდევრულობისა და მოუმზადებლობისა“.

ასევე, კრემლის თანახმად, პუტინმა მაკრონს მიაწოდა ინფრომაცია მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

ემანუელ მაკრონი ერთ-ერთი ევროპელი ლიდერია, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან ყველაზე ხშირი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. 24 თებერვლის შემდეგ ის პუტინს, ჯამში, 9-ჯერ ესაუბრა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი