ახალი ამბები

მეცნიერებმა ბავშვებში კოვიდის მძიმე მიმდინარეობის მიზეზი დაადგინეს – The Guardian

2 მაისი, 2022 • 4612
მეცნიერებმა ბავშვებში კოვიდის მძიმე მიმდინარეობის მიზეზი დაადგინეს – The Guardian

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ბავშვებში იშვიათი კოვიდ გართულების მიზეზები ამოხსნეს, რომელიც მცირეწლოვან პაციენტებში ფილტვის დაზიანებას, თრომბოემბოლიას და გულის დაზიანებას იწვევდა.

როგორც The Guardian წერს, კვლევის ფარგლებში სისხლის ნიმუშები 33 ბავშვს აუღეს, რომლებსაც კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მულტისისტემური ანთების სინდრომი ან მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი განუვითარდათ.

გამოცემა წერს, რომ COVID 19-ით ინფიცირებულ ბავშვებს, რომლებსაც მულტისისტემური ანთებითი სინდრომი უვითარდებოდათ, ჰქონდათ მაღალი ტემპერატურა, აღენიშნებოდათ მუცლის ტკივილი, ღებინება, კანზე გამონაყარი და უვითარდებოდათ გულის დაავადებები. იმ ბავშვებს კი, რომლებსაც მწვავე რესპორატორული დისტრეს სინდრომი განუვითარდათ, აღენიშნებოდათ ორგანოების დაზიანება სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობის გამო.

მეცნიერებმა კოვიდინფიცირებული ბავშვების ნიმუშები 20 ჯანმრთელი ბავშვის ნიმუშებს შეადარეს და მათ სისხლში პროტეინები შეისწავლეს. შედეგად, აღმოაჩინეს, რომ ბავშვების სისხლში, რომლებსაც ზემოაღნიშნული სინდრომები განუვითარდათ, იმგვარი ცილები აღმოაჩინეს, რომლბეიც ჯანმრთელი ბავშვების სისხლში არ უპოვიათ.

The Guardian აღნიშნავს, რომ იმის ცოდნა, თუ რომელი კონკრეტული პროტეინია დაავადების მატარებელ ორგანიზმში, გააუმჯობესებს დიაგნოსტიკას და ხელს შეუწყობს მიზნობრივი მკურნალობის მეთოდის შემუშავებას ბავშვებისთვის, რომლებიც კორონავირუსის მძიმე შემთხვევებით იტანჯებიან. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ დრომდე მსგავსი შემთხვევებისას მცირეწლოვან პაციენტებს იმუნოგლობულინს უსხამდნენ, რომელიც გულის დაზიანების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდა.

The Guardian წერს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული ბავშვების 1.7% ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობაში კი დაავადება მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი