ახალი ამბები

„მეშინოდა, რომ ბუნკერი ვერ გაუძლებდა“ — „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული ქალი

2 მაისი, 2022 •
„მეშინოდა, რომ ბუნკერი ვერ გაუძლებდა“ — „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული ქალი

„ორთვიანი სიბნელე“ — ასე აღწერს მარიუპოლიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული ქალი პერიოდს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მარიუპოლში გაატარა. ომის დაწყებამდე 37 წლის ნატალია უსმანოვა აზოვსტალის ქარხანაში იყო დასაქმებული.

ქალი იხსენებს, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში იმალებოდა საბჭოთა დროს აშენებული ფოლადის ქარხნის ქვემოთ, ბუნკერში. მისი თქმით, ადრეც შეეცადა მარიუპოლიდან გაღწევას ევაკუაციის კორიდორის მეშვეობით, თუმცა ვერ მოახერხა ხშირი დაბომბვების გამო.

„მეშინოდა, რომ ბუნკერი ვერ გაუძლებდა, საშინლად მეშინოდა. ბუნკერი რომ იწყებდა რყევას, ისტერიკაში ვვარდებოდი, ჩემს ქმარს შეუძლია ამის დადასტურება. თავშესაფრის გასასვლელთან, რამდენიმე საფეხურით მაღლა, სუნთქვა შეიძლებოდა, თავშესაფარში კი ჟანგბადი არ იყო. მე გასვლისაც კი მეშინოდა, რომ ცოტა სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა“, — იხსენებს ნატალია.

ინტერვიუს ჩაწერის დროს ნატალია  მარიუპოლიდან 30 კილომეტრში, სოფელ ბეზიმინში იმყოფებოდა. ეს სოფელი სეპარატისტულ დონეცკის რაიონში მდებარეობს.

საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან რამდენიმე ათეული ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის, „აზოვსტალის“ ქარხნიდანაც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 1 მაისს განაცხადა, რომ „აზოვსტალიდან“ ზაპოროჟიეში, რომელსაც უკრაინული მხარე აკონტროლებს, 100-მდე ადამიანი გადაიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ორი დღის წინ, 30 აპრილს, „აზოვსტალი“ 46-მა ადამიანმა დატოვა, 1 მაისს კი კიდევ 80 ადამიანი „გადაარჩინეს“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ გადაიყვანეს. რუსეთი ირწმუნება, რომ ამ ადამიანებმა „დონეცკში წასვლა საკუთარი ნებით გადაწყვიტეს“, თუმცა უცნობია, ყველა მათგანს ჰქონდა თუ არა შანსი, რომ თავად აერჩია, სად წასულიყო.

მთავარი ფოტო: Reuters

81 წლის დინა, მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში ჩასვლის შემდეგ. 2 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

ოჯახი მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში. 2 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

მარიუპოლიდან ევაკუაციის შემდეგ ზაპოროჟიეში. 2 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

81 წლის დინა მარიუპოლიდან ევაკუაციის შემდეგ ზაპოროჟიეში. 2 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

ნატალია და მისი დედა, დინა ზაპოროჟიეში. 2 მაისი, 2022 წელი. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

მასალების გადაბეჭდვის წესი