ახალი ამბები

ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია – დეკანოიძე „ოცნებაზე“

2 მაისი, 2022 • 884
ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია – დეკანოიძე „ოცნებაზე“

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს და ამბობს, რომ ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაცინვა   საკუთარი თავის დამცირება და საკუთარი სტანდარტის ყველაზე დაბალი ხარისხია.

დეკანოიძის თქმით, “ქართული ოცნება” საკუთარ ქვეყანას უცხადებს ომს, როცა ყოფილი პრეზიდენტის გამოცხადებულ სიკვდილს ელოდება.

„მიხეილ სააკაშვილმა ჭამოს და ამით მოგვარდება ყველაფერი “ – არის სრული სიცრუე. ეს უთანაბრდება არაადამიანურ დამოკიდებულებას. ამ დიაგნოზის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მიშას არ აქვს არავითარი პირობა, ჯანმრთელობის რეაბილიტაცია მოხდეს. ანორექსია ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ იღებს საკვებს. სურვილი – საკვები მიიღოს, განკურნებას ვერ მოიტანს.

ქართული ოცნების ამომრჩეველს მინდა ვკითხო: როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ევროპული მომავალი, თუ მესამე პრეზიდენტი ციხეში მოგვიკვდება, როგორ წამოუდგენიათ ჩვენი შვილების ცხოვრება უმძიმეს მოვემულობაში, რაც შეიძლება ძალიან მალე დადგეს? რატომ შეიძლება საკუთარ ქვეყანას არგუნო ეს განუკურნებელი ხვედრი? დაფიქრდით“, – წერს სოციალურ ქსელში დეკანოიძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი „კვერცხს და ხაჭოს“ შეჭამს, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამ კუთხით ყველაფერი კეთდება. თუმცა, კობახიძის თქმით, დანარჩენი არის თავად სააკაშვილის პასუხისმგებლობა.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცილებს სპეციალურად არ იღებდეს.


27 აპრილს სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ნიადაგზე მას ანორექსია განუვითარდა.

კონსილიუმის ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ორშაბათამდე, 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ ვადას, რათა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

ვრცლად სააკაშვილის სამედიცონო მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა შეგიძლიათ ნახოთ აქ:

სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს — კონსილიუმის დასკვნა

მასალების გადაბეჭდვის წესი