ახალი ამბები

ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა – კობახიძე სააკაშვილზე

2 მაისი, 2022 • 1193
ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა – კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი „კვერცხს და ხაჭოს“ შეჭამს, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამ კუთხით ყველაფერი კეთდება. თუმცა, კობახიძის თქმით, დანარჩენი არის თავად სააკაშვილის პასუხისმგებლობა.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცილებს სპეციალურად არ იღებდეს.

„მარტივად გვაქვს საქმე, შეუძლია მიიღოს ცილა და არ იღებს ცილას, კეთილი ინებოს, მიიღოს ცილა და დამთავრდება ამით ყველაფერი. [ცილას] ვერ იღებს, ან არ იღებს რას ჰქვია? თუ არ იღებს, ეს არის შიმშილობის ერთგვარი ფორმა. არ აქვს ეს გამოცხადებული, შესაბამისად, ეს არ უნდა გამოვრიცხოთ. რატომ ვერ უნდა ჭამდე ხაჭოს ან კვერცხს, ამ დეტალებში მე ვერ შევალ. რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს არ ჭამდე ხაჭოს? ამ დეტალებში შესვლა არ შემიძლია.

ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა. პოლიტიკური განცხადება აქ ვერ გაკეთდება. მე მგონია, რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ. ეს ხუმრობით, მაგრამ სინამდვილეში, ეს შეიძლება იყოს წინასწარ განზრახული გეგმა, შეიძლება იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ ასეთი დიაგნოზი დაგისვან. ასეთ რაღაცებში ვერ შევალ“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის გადაცემა ან გათავისუფლება გამორიცხულია და თუ ვინმე ამას მოითხოვს, მას საქართველოს ომში ჩართვის მიზანი ამოძრავებს.


27 აპრილს სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აღენიშნება. ექიმების თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია და დეპრესიის ნიადაგზე მას ანორექსია განუვითარდა.

კონსილიუმის ექიმ თენგიზ წულაძის თქმით, ცილოვანი შიმშილის მკურნალობაა ცილოვანი საკვების მიღება, თუმცა პაციენტი ამაზე უარს აცხადებს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ორშაბათამდე, 2 მაისის 18:00 საათამდე აძლევენ ვადას, რათა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

ვრცლად სააკაშვილის სამედიცონო მდგომარეობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა შეგიძლიათ ნახოთ აქ:

სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს — კონსილიუმის დასკვნა

მასალების გადაბეჭდვის წესი