ახალი ამბები

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

1 მაისი, 2022 • 1209
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თბილისში, გურიისა და იმერეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 6 პირი.

როგორც შსს აცხადებს, 1991 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ჟ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 15 ვაზნა.

უწყებისვე ინფორმაციით, 963 წელს დაბადებული ჯ.ჯ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. როგორც პოლიცია ამბობს, ჯ.ჯ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ვინჩესტერის ტიპის სანადირო თოფი, მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა. სამართალდამცავებმა ასევე გურიაში დააკავეს 1968 წელს დაბადებული ზ.ღ. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ორლულიანი სანადირო თოფი, რევოლვერი და 15 საბრძოლო ვაზნა.

ერთი პირი მსგავსი ბრალდებით დააკავეს ზესტაფონში. როგორც შსს აცხადებს, მისი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა.

გარდა ამისა, სამეგრელოში სხვადასხვა დროს დააკავეს 1974 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1967 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ქ. როგორც პოლიცია ამბობს, დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი