პოლონეთის საზოგადოებრივი რადიოს საინფორმაციო საშუალების „IAR-ის“ თანახმად, პოლონეთმა უკრაინას 200-ზე მეტი საბრძოლო ტანკი T-72 გადასცა.
საინფორმაციო საშუალების თანახმად, უკრაინისადმი გაწეული პოლონური დახმარება ასევე მოიცავს ათობით საბრძოლო მანქანასა და თვითმავალ არტილერიას.
რადიოს წყაროს თანახმად, რომელიც პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელია, ტანკები საკმარისია ორი საბრძოლო ბრიგადის აღსაჭურვად.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ გასულ ორშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა, თუმცა არ დაუსახელებია გადაცემული აღჭურვილობის რაოდენობა და ტიპი.
T-72 საბჭოთა წარმოების ტანკია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტანკია და არაერთი ქვეყნის შეიარაღებაში შედის.
რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი ორ თვეზე მეტი ხანია გრძელდება.
ამ დროის განმავლობაში რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დედაქალაქის დაკავება და ხელისუფლების შეცვლა, რის გამოც ომში თავდაპირველი სტრატეგია შეცვალა და ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში შეტევის ახალი ფაზა წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციას.