ახალი ამბები

მთავრობამ EU-კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა

29 აპრილი, 2022 • 1548
მთავრობამ EU-კითხვარის მეორე ნაწილი გაასაჯაროვა

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი დღეს, 29 აპრილს გაასაჯაროვა.

მთავრობის ინფორმაციით, კითხვარის მეორე ნაწილი 33 თავისგან და 2 300-მდე კითხვისგან შედგება. ის ეხება დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას.

კითხავრის პირველ ნაწილზე მუშაობა საქართველომ უკვე დაასრულა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს, ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა.

კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად განსაზღვრულია 13 მაისი, თუმცა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ კითხვარის შევსება მაქსიმალურად “მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე” სურს.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.

უკრაინას უკვე – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი. კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი