ახალი ამბები

9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი აღლუმი უცხოელი ლიდერების გარეშე ჩაივლის

29 აპრილი, 2022 • 1332
9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი აღლუმი უცხოელი ლიდერების გარეშე ჩაივლის

9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს უცხოელი ლიდერებიდან არავინ დაესწრება. როგორც „მედუზა“ რუსეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე კრემლს არ დაუპატიჟია არცერთი ლიდერი .

განცხადება აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გაავრცელა. პესკოვის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ 9 მაისი რუსეთის და რუსი ხალხის ეროვნული დღესასწაულია და არა საიუბილეო თარიღი.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ღონისძიებაში არც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდერ ლუკაშენკოს მონაწილეობაა დაგეგმილი.

9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში მიმდინარე სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. შესაბამისად, 9 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული -საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, რუსეთში, ტაჯიკეთში, ტურქმენეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში. ამ დღის ფართოდ აღნიშვნა საბჭოთა კავშირში დაიწყეს სამამულო ომის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს. ამავე, 1965  წელს გამარჯვების დღე არასამუშაო დღედ გამოცხადდა. ევროპაში ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავენ.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/405996/

მასალების გადაბეჭდვის წესი