ახალი ამბები

არ შეიძლება საქართველოში ომის პარტიაზე იყოს ლაპარაკი, არავინაა ომის მომხრე – ზურაბიშვილი

29 აპრილი, 2022 • 911
არ შეიძლება საქართველოში ომის პარტიაზე იყოს ლაპარაკი, არავინაა ომის მომხრე – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ომის პარტიაზე საუბარი არ შეიძლება. ამის შესახებ მან აშშ-ში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ამ ფორმით ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის პარტიას უწოდებენ.

ხოლო გუშინ, 28 აპრილს, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშილთან დაკავშირებით ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სახალხო დამცველიც იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომელსაც ომის პარტია  ჰქვია და აღნიშნა, რომ  „ბუნებრივია, ისიც არის ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილი“.

პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება, რომ  სახალხო დამცველის მიმართ მსგავსი ბრალდბები ისმოდეს.

„მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება, საქართველოში ომის პარტიაზე იყოს ლაპარაკი. ჩემთვის ეს არ არსებობს, არავინ არ არის ომის მომხრე  საქართველოში. მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. პირველ რიგში, როცა ჩვენ ევროკავშირისთვის კითხვარისთვის ვამზადებთ პასუხებს, არ შეიძლება ასეთი ბრალდებები ისმოდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა.

რაც შეეხება საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში შესაძლო ხელშეწყობას, ზურაბიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით აშშ-ში ეჭვები არ აქვთ.

„ასევე, მეორე მხრივ,  არ შეიძლება საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით მიდის რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზეც არ ყოფილა აქ[აშშ-ში] არანაირი ეჭვი და, მგონი, არავის სურს, რომ ჩვენი ქვეყნის გარეთ შევქმნათ ეჭვები, რადგან ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია სამომავლოდ ჩვენი მთავარი დამცველია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, რუსეთს მოლდოვასთან და საქართველოსთან „ნერვების ომი“ აქვს დაწყებული და საჭიროა, ფრთხილად ყოფნა, პარტნიორების ყურადღება და არა პანიკის დათესვა.

„ყველაფრით, რაც თბილისსა და კიევს შორის უხერხულობას, გაუგებრობას და დაძაბულობას ქმნის, სარგებლობს მხოლოდ რუსეთი. ჩვენი დღევანდელი დაცულობა არის, ვიყოთ ერთად და სოლიდარულად. როგორც შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი, ასევე ერთად უნდა ვიყოთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენ ვართ ერთ მხარეს, ჩვენ ვართ ის ქვეყნები, რომლებიც არც ნატო-შია და არც ევროკავშირში და ფრთხილად და სოლიდარულად ყოფნა გვმართებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიაზე იყო მიწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი