ახალი სატელიტური ფოტოების თანახმად, რუსეთმა შავ ზღვაში, სევასტოპოლში მდებარე საზღვაო ბაზაზე სამხედრო მიზნებისთვის გაწვრთნილი დელფინები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
სევასტოპოლის ნავსადგურის საზღვაო ბაზის სატელიტური ფოტოები აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტმა შეისწავლა და დაასკვნა, რომ დელფინების ორი ჯგუფი ბაზაზე ჯერ კიდევ თებერვალში, უკრაინაში შეჭრისას გადაიყვანეს.
რუსეთს დელფინების სამხედრო მიზნით გამოყენების დიდხნიანი ისტორია აქვს. ისინი ძუძუმწოვრებს იყენებენ მტრის მყვინთავების შესაფერხებლად და სხვადასხვა ობიექტის აღმოსაჩენად.
The Guardian-ის თანახმად, რუსეთის ჯარისთვის სევასტოპოლის საზღვაო ბაზა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან ყირიმის სამხრეთ ნაწილშია, რომელიც რუსეთმა 2014 წელს დაიპყრო. აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსეთს სწორედ იქ ჰყავს დიდი რაოდენობით სამხედრო გემები.
ცივი ომის პერიოდში სამხედრო მიზნებისთვის დელფინების გამოყენების სქემა შეიმუშავეს საბჭოთა კავშირში და აშშ-შიც. საქმე ის არის, რომ დელფინებს შეუძლიათ წყალქვეშ სხვადასხვა ნივთის, მათ შორის ნაღმების, აღმოჩენა.
1990-იან წლებამდე ამ ძუძუმწოვრებს სამხედრო მიზნებისთვის წვრთნიდნენ საბჭოთა უკრაინაშიც. მოგვიანებით, 2012 წელს, უკრაინის საზღვაო ძალებმა დელფინების წვრთნის პროგრამა აღადგინა, თუმცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ისინი რუსეთის ხელში აღმოჩნდნენ. უკრაინული მხარე რუსეთისგან დელფინების დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა მოსკოვმა ამაზე უარი განაცხადა.
The Guardian-ის ინფორმაციით, დელფინები არ არიან წყლის ერთადერთი ბინადრები, რომლებსაც რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის წვრთნის. 2019 წელს ნორვეგიის სანაპიროზე შენიშნეს თეთრი ვეშაპი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის საზღვაო ფლოტის მიერ იყო გაწვრთნილი. მაშინ ადგილობრივი მეთევზეები აცხადებდნენ, რომ ვეშაპს უცნაური აღკაზმულობა ჰქონდა, მათ შორის ეკეთა კამერების მსგავსი მოწყობილობები.








