ახალი ამბები

პროკურატურა: გავხსენით ტრანსნაციონალური თაღლითობის საქმე

28 აპრილი, 2022 • 875
პროკურატურა: გავხსენით ტრანსნაციონალური თაღლითობის საქმე

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გახსნეს დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმე. უწყების თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართაა დაწყებული.

უწყებაში აცხადებენ, რომ უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გაუხსნეს.

კერძოდ, გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი ბრალდებული გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა:

„მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხვინეს.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის მიზნით, მიღებული შემოსავლები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა აღნიშნულით მოახდინეს უკანონოდ მიღებული, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზაცია.

ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ იურიდიული პირის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, ბრალდებულების საკუთრებაში არსებული ოთხი ძვირადღირებული უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა. პროკურატურის მიერ ჩატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი