ახალი ამბებიეკონომიკა

EU უკრაინულ პროდუქციაზე საიმპროტო გადასახადებს მოხსნის

28 აპრილი, 2022 •
EU უკრაინულ პროდუქციაზე საიმპროტო გადასახადებს მოხსნის

ევროკომისიის შეთავაზებით, ევროკავშირში უკრაინული პროდუქციის ყველა იმპორტის გადასახადი ერთი წლით გაუქმდება.

შესაბამისად, გადასახადებთან ერთად, ასევე გაუქმდება საიმპორტო კვოტებიც, რომელსაც ევროკავშირი,  საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით, პარტნიორ სახელმწიფოებს სხვადასხვა პროდუქციაზე უწესებს

კომისიის წინადადება ახლა ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ უნდა დაამტკიცოს.

წინადადება ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის ანტიდემპინგური და დამცავი ზომების ერთი წლით შეჩერებას უკრაინული ფოლადის ექსპორტზე.

გადაწყვეტილების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე აცნობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

„მაკროფინანსური მხარდაჭერისა და გრანტების გარდა, ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მხარდაჭერა უკრაინის ეკონომიკისადმი“, – განაცხადა მან.

კომისიის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უკრაინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას რუსული აგრესიის პარალელურად.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა მსგავსი მექანიზმი რომელიმე ქვეყნის დასახმარებლად გამოიყენა.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი ორ თვეზე მეტი ხანია გრძელდება.

ამ დროის განმავლობაში რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის დედაქალაქის დაკავება და ხელისუფლების შეცვლა, რის გამოც ომში თავდაპირველი სტრატეგია შეცვალა და ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში შეტევის ახალი ფაზა წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი