ახალი ამბები

იყო ცნობები, რომ უკრაინაში ომი ნოემბერში ან დეკემბერში უნდა დაწყებულიყო, სააკაშვილი მეორე ფრონტის გახსნის მიზნით ჩამოვიდა – ღარიბაშვილი

27 აპრილი, 2022 • 1709
იყო ცნობები, რომ უკრაინაში ომი ნოემბერში ან დეკემბერში უნდა დაწყებულიყო, სააკაშვილი მეორე ფრონტის გახსნის მიზნით ჩამოვიდა – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ არსებობდა კონკრეტული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ომი უკრაინაში ნოემბერში ან დეკემბერში უნდა დაწყებულიყო და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ ამ პერიოდში, მეორე ფრონტის გახსნის მიზნით ჩამოვიდა.

ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, საიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია. პრემიერ-მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ როგორც მთავრობის მეთაურს, მას ბევრი ინფორმაცია აქვს რომელთა ნაწილი საჯაროდ ითქმის, ნაწილი კი- არა:

„მე, როგორც მთავრობის მეთაურს, მაქვს ბევრი ინფორმაცია, რომელთაგან ბევრი ითქმის საჯაროდ, მაგრამ უფრო მეტი არ ითქმის საჯაროდ. მე რაც ვუთხარი ჩვენს ხალხს და თქვენ, ამაზე ვარ პასუხისმგებელი, რომ იყო განზრახვა მეორე ფრონტის გახსნის. ჯერ კიდევ არსებობდა კონკრეტული ინფორმაციები, რომ ომი უკრაინაში უნდა დაწყებულიყო ნოემბერში ან დეკემბერში.

ამ მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი, რომ აქედან ყოფილიყო მზაობა მეორე ფრონტის გახსნის. ეს, სამწუხაროდ, დაადასტურეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა. რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება და არ შეეფერება,. არაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ“ ,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი