ახალი ამბები

ენმ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისთვის სოციალური დახმარების ინიციატივით გამოდის

27 აპრილი, 2022 • 561
ენმ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისთვის სოციალური დახმარების ინიციატივით გამოდის

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დახმარების პაკეტით, რითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები სარგებლობენ.

როგორც ენმ-ის წევრმა ანი წითლიძემ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისასა განაცხადა, ეს გულისხმობს ერთჯერად 100 ათასი ლარის ოდენობით დახმარებას და სხვა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს.

„9 ქართველი გმირი შეეწირა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაა. თუ ვინმესთან დღეს ვალშია ქართული სახელმწიფო, არის სწორედ ამ თავდადებულ ადამიანებთან, რაზეც დგას დღეს ქართული სახელმწიფო.

სწორედ ამიტომაც, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს წარვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს კანონში ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილის ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, – განაცხადა წითლიძემ.

ანი წითლიძის თქმით, ენმ-ის ფრაქცია ასევე მუშაობს მეორე საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მიწასთან არის გასწორებული არაერთ ქალაქი, საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ომს საქართველოს არაერთი მოქალაქე ემსხვერპლა, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი