ახალი ამბები

ჩვენ თუ არ დავადგენთ ავთენტურობას, დასავლელი პარტნიორები გააკეთებენ ამას — გიგაური ჩანაწერებზე

26 აპრილი, 2022 • 1098
ჩვენ თუ არ დავადგენთ ავთენტურობას, დასავლელი პარტნიორები გააკეთებენ ამას — გიგაური ჩანაწერებზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს მთავრობა არ გამოიკვლევს ევტუშენკოვისა და ივანიშვილის სავარაუდო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას, ამას გააკეთებენ დასავლელი პარტნიორების შესაბამისი უწყებები.

„ავთენტურობის დადგენის საკითხი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები აუცილებლად გააკეთებენ ამას, იმიტომ, რომ დღეს მათთვის მნიშვნელოვანია, გაარკვიონ, ვინ დგას დასავლეთის გვერდით. როდესაც ჩვენ გვესმის ხელისუფლების პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ არ უერთდებიან სანქციებს, ცხადია, ასეთი ტიპის ჩანაწერის არსებობა არის პრობლემური და იქნება შესწავლის საგანი. თუ ამას არ გააკეთებს საქართველოს მთავრობა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაბამისი უწყებები იზამენ“, — განაცხადა ეკა გიგაურმა.

25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საუბრობენ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი.

ჩანაწერების მიხედვით, – რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, – ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოაქვეყნა.

ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც „დავითი“ ჩამოიტანს.

ევტუშენკოვი ივანიშვილთან ზარებს ადასტურებს და ამბობს, რომ ალი უზდენოვი ღარიბაშვილს „დასვენების“ საკითხზე შეხვდა.

ევტუშენკოვი ივანიშვილთან ზარებს ადასტურებს და ამბობს, რომ ალი უზდენოვი ღარიბაშვილს „დასვენების“ საკითხზე შეხვდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი