ახალი ამბები

„არც შემოთავაზება, არც განხილვა, არაფერი ყოფილა“ – მარგველაშვილი ენმ-ის თავმჯდომარეობაზე

26 აპრილი, 2022 • 923
„არც შემოთავაზება, არც განხილვა, არაფერი ყოფილა“ – მარგველაშვილი ენმ-ის თავმჯდომარეობაზე

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უარყოფს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ინიშნება.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში მარგველაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირებს გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონო საუბარია ასახული. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მისი ენმ-ის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სწორედ ამ აუდიოჩანაწერის გადაფარვის მცდელობაა:

„არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი ყოფილა. სააკაშვილთან მქონდა მიმოწერა უკრაინაში წასვლამდე. ერთად დავგეგმეთ უკრაინაში წასვლა. სავარაუდოდ, დალაგებული აქვთ ასეთი სკანდალები, არის ხოლმე მოგონილი სკანდალები და მცდელობა რაღაცა ამბის გადაფარვის. გუშინდელი ამბავი, სავარაუდო განხილვა ოლიგარქებთან ფულის სავარაუდო გათეთრებასთან დაკავშირებით. ეტყობა, ეს ამბავი ძალიან მძიმეა“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოაქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი