ახალი ამბები

დავითულიანმა არახამიას უტიფარი და თავხედი უწოდა

26 აპრილი, 2022 •
დავითულიანმა არახამიას უტიფარი და თავხედი უწოდა

„ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ბექა დავითულიანმა დავით არახამიას “უტიფარი და თავხედი” უწოდა.

დავით არახამია არის უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე და რუსეთთან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი. დავითულიანმა არახამიაზე დღეს, 26 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„ერთი რამ ფაქტია, რატომღაც ხდება ხოლმე ისე, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა წამოიწყებს რაღაც კამპანიას, მერე ამ კამპანიის ფარგლებში ერთგვარი იმედგაცრუება ეწყებათ მათ მხარდამჭერებს, რომ ვერავითარ მიზანს ვერ აღწევენ. მერე, ჰოი, საოცრებავ, უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ უკრაინიდან ვინმე მათი უტიფარი მეგობარი, არახამიას მსგავსი თავხედი, რაღაც სანქციებზე დაიწყებს საუბარს მაშინ, როდესაც საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა.

მერე აქედან გამოაგდებენ ხოლმე დამონტაჟებულ ვიდეოს, რომელზეც, ოდნავ მიანც თუ ერკვევა ვიღაც, იმდენი წყვეტაა, რომ შეუძლებელია, ზემოქმედების კვალი არ იყოს“, – განაცხადა დავითულიანმა.

მისი თქმით, გავრცელებული ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ, „სულელურია“ და მასში საუბარი არაა არაფერ უკანონოზე.

„სულ რომ დავუშვათ ავთენტურია, მეორე – შიგნით ეწერა, რომ 10 მარტიაო და ეს კაცი საერთოდ აპრილში დაასანქცირეს. მათი მტკიცებით, როდესაც მარტში ეს ჩანაწერი გაკეთდა, ის კაცი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული არ იყო. ევტუშენკოვი მხოლოდ ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული.

ამის შემდეგ ამბობენ რატომ არ იძიებთო. რაშიც დანაშაულის შემცველობა არ არის, რატომ უნდა არკვიოს ვინმემ ავთენტურობა? რატომ ვქმნით ასეთ ილუზიებს დამონტაჟებული ვიდეოდან? თან ამდენი დრო გავიდა და რაიმე უკანონო ტვირთბრუნვის ფაქტი ვნახეთ, ვითომ რომ ადასტურებთ, რომ აქ რამე საშინელება ხდება?! სკანდალებს ქმნიან არაფრიდან და უნდათ ამ სკანდალზე ყველაფერი ააწყონ. იქიდან არახამიას თავხედური განცხადება, აქედან- დამონტაჟებული ვიდეო და ვითომ სკანდალია შექმნილი, რომ ქვეყანაში რამე აირიოს“, – განაცხადა დავითულიანმა.


25 აპრილს youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა საუბრობენ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი. ჩანაწერების მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, ევტუშენკოვის წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ჩანაწერები youtube – ზე მომხმარებელმა cyber kmara – მ გამოააქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს.

ახალი, 25 აპრილს ატვირთული ჩანაწერის მიხედვით კი, 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის.

ჩანაწერების მიხედვით, პირველი საუბარი 10 მარტს შედგა – ევტუშენკოვი თითქოს ეუბნება ივანიშვილს, რომ იდეა აქვს, რომელსაც “დავითი” ჩამოიტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი