ახალი ამბები

ენმ უკრაინაში გენოციდის აღიარებაზე პარლამენტში დადგენილებას დაარეგისტრირებს

26 აპრილი, 2022 • 384
ენმ უკრაინაში გენოციდის აღიარებაზე პარლამენტში დადგენილებას დაარეგისტრირებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ენმ პარლამენტში დაარეგისტრირებს უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას.

ენმ-ის ლიდერი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დააფიქსიროს პოზიცია, არის თუ არა ბუჩაში მომხდარი გენოციდი, დოკუმენტის მხარდაჭერაზე შემდგომ ნაბიჯებს კი მმართველი პარტიის პოზიციის შესაბამისად გადადგამენ:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არეგისტრირებს პარლამენტში დადგენილებას გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში. ეს, ბუნებრივია, არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი. ეს იქნება შეფასება, ან კი, ან – არა. ან ბუჩაში ნანახმა დაარწმუნა „ქართული ოცნება“, რომ იქ ნამდვილად არის გენოციდი, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ. ჩვენ ამ დადგენილებას დღესვე დავარეგისტრირებთ. გადაწყვეტილება როგორიც იქნება, გამოძახილიც ადეკვატური გვექნება“, – ამბობს ნიკა მელია.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი