ახალი ამბები

იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ — კუნსი ზურაბიშვილს

21 აპრილი, 2022 • 1053
იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ — კუნსი ზურაბიშვილს

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, რომელიც საქართველოში 21 აპრილს ჩამოვიდა, ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. დელეგაციის ხელმძღვანელი, სენატორი კრის კუნსი, შეეხო პრეზიდენტის სასახლეში ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს.

“ჩვენ თვალს ვადევნებთ, ამ საშინელ დროს რა ძალადობა და აგრესია მიმდინარეობს უკრაინაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთ მკაფიო განცხადებას აკეთებთ, დიდი მადლობა, რომ საქართველომ გაეროში კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა.

…ჩვენც ყველანი, დელეგაციის მასშტაბით, მხარს გიჭერთ და მხარს ვუჭერთ თქვენს ლიდერობას. დიდი მადლობა შესანიშნავი პროგრესისთვის, რაც საქართველოში არის მიღწეული ხალხის მიერ 1992 წლიდან მოყოლებული კონფლიქტის, დაყოფის და გარე საფრთხეების მიუხედავად”, — მიმართა კუნსმა ზურაბიშვილს.

მისი სიტყვებით, დელეგაცია აქ ჩამოვიდა იმიტომ, რომ “საქართველო არის მნიშვნელოვანი”:

“აქ ვართ იმიტომ, რომ ვხედავთ, რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო რეგიონში და მსოფლიო არენაზე”.

“ჩვენ იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩავდოთ ინვესტიცია და განვვითარდეთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩავდოთ ინვესტიცია, ერთად განვვითარდეთ.

მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ, თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ და არ მოხდეს პოლარიზება, დაყოფა, არც შიგნით და არც გარეთ…” ,– დასძინა სენატორმა.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა კრის კუნსს უთხრა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსთვის საკვანძო იქნება ნატოს სამიტზე მადრიდში, “რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და ახალი პერსპექტივა”.

მადრიდის სამიტზე თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება — ზურაბიშვილი სენატორ კუნსს

მასალების გადაბეჭდვის წესი