ახალი ამბები

მადრიდის სამიტზე თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება — ზურაბიშვილი სენატორ კუნსს

21 აპრილი, 2022 • 1102
მადრიდის სამიტზე თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება — ზურაბიშვილი სენატორ კუნსს

“დღეს ჩვენი აქ ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს”, — მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სენატორ კრის კუნსს.

კუნსი ხელმძღვანელობს აშშ-ის კონგრესის დელეგაციას, რომელიც საქართველოს 21 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილს.

“საქართველოს კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა. ესმის სოლიდარობის ფასი. ამიტომ დღეს, ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა უნდათ, ალყაში მოქცეული მარიუპოლი ახალ სტალინგრადად აქციონ და აწამონ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს საქართველოს სრული თანადგომა.

დღეს ჩვენი აქ ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება არც მიმდინარე ომის ფონზე და არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე”, — მიმართა ზურაბიშვილმა სენატორ კუნსს.

მისი სიტყვებით, “ამერიკის როლი დიდია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებისათვის” და საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

“მნიშვნელოვანია, ერთად ვიზრუნოთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი, გადამწყვეტი ეტაპისთვის.

თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის ნატოს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და ახალი პერსპექტივა”, — დასძინა პრეზიდენტმა.

კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სენატორები: გარი პიტერსი და ბობ ქეისი, ასევე, კონგრესმენები: სტეფან მერფი, ქეით ლირაისი, დევიდ სისილინი და ტედ დოიჩი.

მასალების გადაბეჭდვის წესი