ახალი ამბები

რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი გარღვევა არ აქვს – ISW

21 აპრილი, 2022 •
რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი გარღვევა არ აქვს – ISW

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის შეფასებით, გუშინ, 20 აპრილს რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევისთვის არ მიუღწევია.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, მოსკოვს მცირე მიღწევა აქვთ ფრონტის ხაზის მთავარი ქალაქების – რუბიჟნესა და პოპასნას ნაწილის აღებით. თუმცა, როგორც ანალიტიკური ცენტრი ამბობს, „რუსეთის ძალებს მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის არ მიუღწევიათ, არც რაიმე ახალი შესაძლებლობები გამოუვლენიათ მრავალჯერადი წარმატების და პროგრესის მისაღწევად“.

მათივე განცხადებით, რუსეთმა მიაღწია “დამატებით წინსვლას“ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში.

ანალიტიკური ცენტრის თქმით, მოსკოვის განცხადება 9 მაისს მარიუპოლში აღლუმის ჩატარებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ რუსული ძალები ქალაქში გამარჯვებას არაუგვიანეს ამ თარიღისთვის გამოაცხადებენ, ამბობს ანალიტიკური ცენტრი.


რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ომი უკვე 57 დღეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რუსეთმა ვერ შეძლო დედაქალაქის – კიევის დაკავება.

უკრაინული მხარის განცხადებით, 18 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ომის ახალი ფაზა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც აღმოსავლეთ ფრონტზე ტერიტორიული წინსვლა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დაკავებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი