NEXTA-ს ინფორმაციით, პრორუსი ბლოგერი ვალერი კულეშოვი ხერსონში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

მედიასაშუალება წერს, რომ არსებული ინფორმაციით, კულეშოვი აქტიურად თანამშრომლობდა რუს ოკუპანტებთან  და ქალაქის საოკუპაციო პოლიციის უფროსის თანამდებობის დაკავებაც სურდა.

კულეშოვის მკვლელობაზე ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი გამოცემა Most-იც.

„ხერსონში მოკლეს ცნობილი პრორუსი აქტივისტი და ბლოგერი ვალერი კულეშოვი. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს ადგილობრივებმა და ეროვნული კორპუსის ლიდერმა, ნიკიტა ტიუტუნნიკმა. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურეს გარდაცვლილის მეგობრებმაც. კულეშოვი შუმენის მიკრორაიონში, მის სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. ის „მაზდას“ ფირმის მანქანაში იჯდა“, — წერს გაზეთი.

გამოცემის ცნობით, 2015 წლამდე პოლიციაში მუშაობდა დეტექტივად, შემდეგ- გამომძიებლად. კულეშოვმა სოციალურ ქსელებში აქტიურობა 2016 წელს დაიწყო. ამავდროულად, დაიწყო თანამშრომლობა კირილ სტრემუსოვთან, რომელიც რუსეთის შემოჭრის შემდეგ ღიად უჭერს მხარს ოკუპანტებს და თანახმაა, მათ მიერ ორგანიზებულ ფსევდომთავრობაში იმუშაოს.

„რუსეთის შემოსევის დროს კულეშოვი პირდაპირ ეთერში თავისუფლად დადიოდა ბრძოლის ველზე. ხერსონის ოკუპაციის შემდეგ მოხალისე გახდა. დამპყრობლები, სხვა მოხალისეებისგან განსხვავებით, მას არ შეხებიან. ვარაუდობენ, რომ რუსებისთვის ხერსონში კულეშოვი აქტივისტისა და საზოგადოებრივი აზრის ლიდერის როლს ასრულებდა“, — წერს Most.