ახალი ამბები

კონკურსების ჩაშლის შემდეგ წულუკიანმა ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნა

20 აპრილი, 2022 • 1239
კონკურსების ჩაშლის შემდეგ წულუკიანმა ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

რეჟისორი დავით ნიკოლაძე სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას 2 მაისიდან 4 წლის ვადით დაიკავებს.

სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული — 2021 წლის 8 დეკემბერს და 2022 წლის 14 თებერვალს, თუმცა ორივე კონკურსი ჩაიშალა.

„ამჯერად, პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურის მინისტრმა ნაწილობრივ გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებით შეარჩიოს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა. თუმცა, ამავდროულად, მის მიერ შერჩეული კანდიდატი, რეჟისორი დავით ნიკოლაძე განსახილველად წარუდგინა კულტურის სამინისტროსთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს“, — აცხადებს კულტურის სამინისტრო.

სახელმწიფო უწყებისვე ცნობით, საბჭომ ხმათა უმრავლესობით დადებითად შეაფასა მოცემული კანდიდატურა და მხარი დაუჭირა ნიკოლაძის დანიშვნას ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი