ახალი ამბები

ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას არ განვიხილავთ – ლავროვი

19 აპრილი, 2022 • 1118
ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას არ განვიხილავთ – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი არ განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას. მის განცხადებას რუსეთის სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.

“რუსეთი არ განიხილავს უკრაინაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, საუბარია მხოლოდ ჩვეულებრივ იარაღზე”, – განაცხადა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთი მრავალი ათწლეულია ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გამოდის. ამის არგუმენტად კი ლავროვმა 1987 წელს დადებული “სტრატეგიული შეიარაღების პაქტი” გაიხსენა, სადაც აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ბირთვული იარაღის შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

India Today-თან საუბრისას ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში “სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი” დაიწყო. მან კიდევ გაიმეორა, რომ “სპეცოპერაციის” მიზანი “დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების გათავისუფლებაა”.

“ეს ოპერაცია გრძელდება, იწყება ოპერაციის შემდეგი ფაზა და მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტი იქნება”, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ CNN-თან ისაუბრა. მისი თქმით, პუტინს შეუძლია ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენება, რადგან არაფრად არ უღირს უკრაინელი ხალხის სიცოცხლე.

“პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის პოტენციური სასოწარკვეთის გათვალისწინებით, იმ წარუმატებლობის გათვალისწინებით, რაც სამხედრო თვალსაზრისით ჰქონდათ აქამდე, არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია მსუბუქად მიიღოს ტაქტიკური ბირთვული იარაღის ან დაბალი ეფექტურობის ბირთვულ იარაღის გამოყენების პოტენციური საფრთხე”, – თქვა მან.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთი უკრაინაში შეჭრას “სპეციალურ ოპერაციას” უწოდებს და ქვეყნის შიგნით დევნის იმ ადამიანებს, ვინც უკრაინაზე თავდასხმას ომს უწოდებს. პარალელურად კი განუწყვეტლივ ბომბავს სამხედრო ობიექტებს და მშვიდობიან მოსახლეობას. ომს წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

ომს ამ დრომდე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვი. მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.

მასალების გადაბეჭდვის წესი