ახალი ამბები

რუსეთს ბელარუსში შეჭრის და სახალხო პროტესტის ჩახშობის გეგმა ჰქონდა — უკრაინა

19 აპრილი, 2022 • 1019
რუსეთს ბელარუსში შეჭრის და სახალხო პროტესტის ჩახშობის გეგმა ჰქონდა — უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ბელარუსში „საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ“, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიმუშავეს ბელარუსში შეჭრისა და სახალხო პროტესტის ჩახშობის გეგმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის თქმით, მან მოიპოვა და გამოქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მოწმობს რუსეთის პირველი სატანკო არმიის მომზადებას ბელორუსის ტერიტორიაზე შეჭრისა და დაპყრობისთვის. საუბარია “დავალების არეალში პირველი სატანკო არმიის ფორმირებისა და სამხედრო ნაწილების გადაჯგუფების გეგმის ლეგენდაზე”. დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის.

უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბელარუსის ოკუპაცია დაიგეგმა იმ საბაბით, რომ თავიდან აეცილებინა რუსეთის ჩართვა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან საომარ მოქმედებებში.

2020 წლის აგვისტოში ბელარუსის ქალაქები უპრეცედენტოდ დიდმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

არჩევნების ოფიციალური შედეგებითა და პოლიციის ძალმომრეობით უკმაყოფილო ასობით ათასი მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა და ალექსანდრე ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობის დასრულება მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი