ახალი ამბები

ზელენსკი რომ ენმ-ის დელეგაციას შეხვდეს, უარყოფითი ნიშანი იქნება – კობახიძე

19 აპრილი, 2022 • 1129
ზელენსკი რომ ენმ-ის დელეგაციას შეხვდეს, უარყოფითი ნიშანი იქნება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას შეხვდება, ეს კონტრპროდუქტიული იქნება უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობისთვის. ამის შესახებ მან 18 აპრილს „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, იმ ფონზე, როცა უკრაინაში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ზელენსკი არ შეხვედრია, მისი შეხვედრა ენმ-ის წევრებთან უარყოფითი ნიშანი იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ მოხდება. ისინი საუბრობენ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ შეხვდა ქართულ ოფიციალურ დელეგაციას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კიევში იყო ჩასული, და ხვდება „ნაცმოძრაობის“ დელეგაციას: მელიას, მარგველაშვილს და სხვებს, ეს რომ წარმოვიდგინოთ, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი უარყოფითი ნიშანი. ბუნებრივია, ასეთი რამ არ წაადგება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას, ურთიერთობას. თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა კობახიძემ.


შაბათს, 16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში გაემზავრა. დელეგაცია შეხვდა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესა და რადას წევრებს.

დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ ყოფილან.

ისინი ამ ვიზიტის პარალელურად, დამოუკიდებლად ჩავიდნენ უკრაინაში.

ენმ-ის ლიდერებთან, ნიკა მელიასთან, ეკა ხერხეულიძესთან და კობა ნაყოფიასთან ერთად,  უკრაინაში ჩავიდნენ ექსპეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი.

გუშინ, 18 აპრილს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარმა, ანი წითლიძემ გამოაქვეყნა ფოტო, რომლის თანახმად, ენმ-ის სხვა წევრებთან ერთად უკრაინაში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი