ახალი ამბები

მაკრონი: საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, მხარს ვუჭერთ ენერგეტიკულ ემბარგოს

19 აპრილი, 2022 • 1517
მაკრონი: საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, მხარს ვუჭერთ ენერგეტიკულ ემბარგოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება და ქვეყანა გააგრძელებს რუსული მომმარაგებლების სანქცირებისთვის ზეწოლას. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გავრცელებულ განცხადებაში მაკრონი აღნიშნავს, რომ ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება. ემანუელ მაკრონის თქმით, მისი ქვეყანა მუშაობს გაზის ალტერნატიული ბაზრების მოსაძიებლად.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს მისი ინიციატივით რუსულ ნავთობზე ემბარგო საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე გადაიდო. მისი თქმით, ემბარგო სხვა ქვეყანამ დაბლოკა, თუმცა რომელმა, დასახელებისგან თავი შეიკავა.

ამავდროულად, მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელებმა უნდა შეწყვიტონ რუსული გაზისა და ნავთობის შეძენა, რათა დასუსტდეს მოსკოვის ბრძოლისუნარიანობა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი