უკრაინის აღმოსავლეთით, ლუგანსკის რეგიონში, ქალაქ რუბიჟნესა და პოპასნაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეტევა მოიგერიეს. UNIAN-ის ცნობით, ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

“გამწვავება დაიწყო, რთული ვითარებაა, მაგრამ ჩვენი მცველები დაცვის ხაზს იკავებენ. შეტევა მოიგერიეს რუბიჟნესა და პოპასნაში. მტერმა ათობით ადამიანი დაკარგა, ჩვენებმა ჩამოაგდეს დრონი Orlan-10, ასევე, მძიმე ტექნიკაც”, – განაცხადა გაიდაიმ.

მისი თქმით, ღამით მნიშვნელოვნად მოიმატა ავიათავდასხმებმა და დაბომბვებმა, თუმცა რუსეთს “არავითარი წარმატებისთვის არ მიუღწევია”.

გაიდაი 15 აპრილს აცხადებდა, რომ რუბიჟნეში პოზიციური ბრძოლები გრძელდებოდა და ქალაქი სერიოზულად იყო დაზიანებული.

“რთულია რუბიჟნეს ცნობა. აი, ასე გამოიყურება რეალურად “რუსული მშვიდობა”: მწუხარება, სიკვდილი და განადგურება, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ატარებენ – სამოქალაქო მოსახლეობის უნამუსო მკვლელები. ნანგრევები სამრეწველო ქალაქის ნაცვლად, ორკები ყველაფერს ანადგურებენ”, – განაცხადა ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 15 აპრილს.

გუშინ, 18 აპრილს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა ომის ახალი ფაზა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ,  გაავრცელეს.

რუსეთი უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან, კიევის მიმართულებით, აღმოსავლეთიდან — დონბასის რეგიონის და სამხრეთიდან — ყირიმის ნახევარკუნძულიდან. კიევის აღების რამდენიმეკვირიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ რუსული არმია მთლიანად გავიდა კიევის ოლქიდან ბელორუსის მიმართულებით და ძალების კონცენტრაცია და გადაჯგუფება დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე, საიდანაც ახლა უტევს დონბასის რეგიონს.

ომს ამ დრომდე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვი. მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.