ახალი ამბები

„ბავშვის თამაში გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ოჯახისთვის“ — რა გამოიწვია ლოკდაუნმა

18 აპრილი, 2022 • 972
„ბავშვის თამაში გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ოჯახისთვის“ — რა გამოიწვია ლოკდაუნმა

„იზოლაციაში ყოფნამ ძირითადად გაზარდა ძალადობის რისკები, რადგან ადამიანებს ერთ სივრცეში უწევდათ ყოფნა, ხოლო ბავშვის თამაში, სიცელქე გამაღიზიანებელი აღმოჩნდა ოჯახის წევრებისთვის. ბავშვები ასევე გახდნენ ირიბი ძალადობის მსხვერპლნი, რადგან შემსწრენი იყვნენ მშობლების კონფლიქტების“ — ეს არის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის თანამშრომლის მონაყოლი, რომელიც გამოქვეყნებულია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში. 

სპეციალური ანგარიში — „კოვიდ-19-ის პანდემიის ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასება საქართველოში“ — საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა მოამზადა და დღეს, 18 აპრილს გამოაქვეყნა.

კვლევა ჩატარდა არაერთი მიმართულებით, ჩატარდა ფოკუსჯგუფები, პირისპირ ინტერვიუები და ა.შ. მათ შორის, გამოკითხეს მანდატურები, სოციალური მუშაკები, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის თანამშრომლები და ბენეფიციარები, თავად ბავშვები, სამართალდამცავები და ა.შ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის გაზაფხულზე პანდემიის გამო გამოცხადებულმა დისტანციურმა სწავლებამ და იზოლაციამ გაზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკები. ასევე, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის გამო, ბავშვებს უფრო ხშირად უწევდათ სახლში ყოფნა და დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ისინი იქნებოდნენ ოჯახში ძალადობის ფაქტის შემსწრენი.

„დისტანციური სწავლების დროს შეინიშნებოდა შვილების მიმართ მშობლების არაჯანსაღი დამოკიდებულებები. კერძოდ, როდესაც ბავშვი სახლიდან ერთვებოდა საგაკვეთილო პროცესს, მშობლის მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთებულა:

„რა ვეღარ დამთავრდა შენი გაკვეთილი!?“ „რა ვეღარ მორჩი!?“ მათი თქმით, რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურად აისახა ბავშვების ფსიქიკაზე, მუდმივად განიცდიდნენ სტრესს და თითქოს იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მშობლების მხრიდან. პედაგოგები ითხოვდნენ მშობლებისგან, რომ ბავშვებისთვის სასკოლო გარემო შეექმნათ. თუმცა, როდესაც ოჯახი ერთ სივრცეში ცხოვრობს, სადაც რამდენიმე ბავშვია, შეუძლებელია, ასეთ დროს მოსწავლეს ჰქონდეს განათლებაზე წვდომის ადეკვატური შესაძლებლობა“, — კვლევისას განაცხადა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის თანამშრომელმა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბავშვთა მიმართ ძალადობის გაზრდილი რისკების მიუხედავად, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამო, გართულდა ბავშვის ქცევით, ემოციურ და ფიზიკურ ნიშნებზე დაკვირვება და ძალადობის ნიშნების გამოვლენა. კერძოდ, პრობლემაზე დაკვირვება აღარ იყო ხელმისაწვდომი გარეშე პირებისათვის, მაგალითად, სკოლისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის.

„თვითიზოლაციამ, სამუშაოს დაკარგვამ და ოჯახში შექმნილმა ეკონომიკურმა პრობლემებმა ხელი შეუწყო არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური ძალადობის შემთხვევების გაზრდასაც. ასევე, გახშირდა არასრულწლოვნებისათვის საპროცესო წარმომადგენლად სოციალური მუშაკის დანიშვნის შემთხვევები“, — აღნიშნეს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, იმის ფონზე, რომ მშობლები უხელფასოდ დარჩნენ ან სახლიდან უწევდათ მუშაობა, ძალიან გაუჭირდათ ბავშვებთან ურთიერთობა. შესაბამისად, მომატებული სტრესის, ემოციებისა და დაძაბულობის ფონზე, გაიზარდა ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკები.

ერთ-ერთი სოციალური მუშაკის მონაყოლის მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, ძალადობის მსხვერპლთა მონათხრობს ეფუძნება, სამსახურების დაკარგვა შეეხო მამაკაცებს, რომელთა ნაწილიც ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა და ვეღარ მართავდა საკუთარ ემოციებსა და ქცევას. ამან ასევე შეუწყო ხელი ძალადობის რისკების ზრდას.

„არასრულწლოვანებს პანდემიის პერიოდში დაემატათ საშინაო საქმე. ისინი მუშაობენ კონსულტანტებად სურსათის მაღაზიებში. იყო შემთხვევა, როდესაც 13 წლის არასრულწლოვანს დედა აიძულებდა, ძმაზე ეზრუნა და ამას ოჯახში კონფლიქტები მოჰყვებოდა.

როდესაც ბავშვები სკოლაში დადიოდნენ, ოჯახში მათ ნაკლები ვალდებულებები ჰქონდათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანზე ძალადობის ძირითადი მიზეზი, ასევე, იყო მშობლების მიერ შვილებისათვის სახლიდან გასვლის შეზღუდვა“, — იხსენებს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის თანამშრომელი.

სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ასევე საუბარია პანდემიის დროს ბავშვების მიმართ გაზრდილ სქესობრივ დანაშაულზე, ასევე, განათლების უფლების შეზღუდვაზე. ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს რიგი სახელმწიფო უწყებების მიმართ, რამაც, ომბუდსმენის აზრით, უნდა შეამციროს მავნე ზეგავლენა ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი