რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, აფხაზეთში მიმდინარეობს რუსეთის სამხრეთი ოლქის სამხედრო ბაზის რუსი სამხედროების მორიგი სწავლებები.
ამჯერად რუსი სამხედროები იგერიებენ მოწინააღმდეგის საავიაციო და საზღვაო ძალების სარაკეტო თავდასხმებს.
“მოწინააღმდეგის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფები თავს დაესხნენ სარაკეტო კომპლექსების სასტარტო პოზიციებს, თუმცა ბაზის მორიგე დანაყოფებმა ისინი გაანადგურეს”, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
რამდენიმე კვირის წინ, აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმა გაიარეს მთიან მონაკვეთებსა და რთულ გზებზე სამხედრო დანიშნულების ავტოტექნიკით გადაადგილების სპეციალური კურსები.
აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო დანაყოფები უკანასკნელი წლების განმავლობაში პერიოდულად გადიან სამხედრო წვრთნებს.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ომში ჩასართავად რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი როგორც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე, ცხინვალიდან.
თითქმის ორი თვეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქები, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა.