ახალი ამბები

გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, „მასკვას“ დაზიანება ჩანს

18 აპრილი, 2022 • 2030
გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, „მასკვას“ დაზიანება ჩანს

18 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასახავს რუსულ სარაკეტო კრეისერ „მასკვას“ დაზიანებას.

უკრაინული მხარის ცნობით, 13 აპრილს „მასკვას“, – რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო, – უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ რაკეტები მოარტყეს, რის გამოც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, საბოლოოდ კი, რამდენიმე დღეში, შტორმისა და წარუმატებელი საევაკუაციო სამუშაოების ფონზე, ჩაიძირა.

ხომალდზე თავდაპირველად ცეცხლის, შემდეგ კი ჩაძირვის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემაც გაავრცელა, თუმცა უკრაინული თავდასხმა არ უხსენებია და ხომალდის ჩაძირვა შტორმსა და ხომალდზე „იარაღის აფეთქებას“ დაუკავშირა.

18 აპრილს ტვიტერის გვერდზე მომხმარებელმა OSINTtechnical-მა, რომელიც სამხედრო ჟურნალისტია, გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, „მასკვას“ დაზიანებას ასახავს.

OSINTtechnical-ის თანახმად, ზუსტად არ შეუძლია, დაამტკიცოს, რომ ეს „მასკვაა“, მაგრამ ეს არის „სლავას“ კლასის კრეისერი და არ ფიქრობს, რომ რომელიმე მათგანი ისევე განადგურდა, როგორც „მასკვა“.

ფოტოები, სავარაუდოდ, სამაშველო ხომალდიდან არის გადაღებული და რუსული მხარისგან არის გაჟონილი.

უკრაინული Forbes-ის ცნობით, „მასკვას“ ღირებულება დაახლოებით 750 მილიონი დოლარია და ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკაა, რომელიც უკრაინულმა მხარემ ომში გაანეიტრალა.

ექსპერტების შეფასებით, რუსული სარაკეტო კრეისერის, „მასკვას“ დაზიანებას როგორც სიმბოლური, ისე სამხედრო ღირებულება აქვს.

2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც უკრაინის ზმეინის კუნძულს სწორედ ხომალდი „მასკვა“ მიადგა და დანებება მოსთხოვა, ზმეინის მცველებმა მას უპასუხეს: „რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი“ [Русский военный корабль, иди на хуй]. ამის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძული დაბომბეს და ყველა, ცამეტივე მათგანი დახოცეს.

ეს ფრაზა კადრების გავრცელების წამიდანვე იქცა ცნობილ მიმად, – უკრაინის წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ, – რომელსაც რუსეთის სამხედრო აგრესიის მოწინააღმდეგეები იყენებენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 200-მდე ბავშვი. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ამ დრომდე ბრძოლები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი