ახალი ამბები

მცირემიწიანი ფერმერები სუბსიდიას მიიღებენ

18 აპრილი, 2022 • 2129
მცირემიწიანი ფერმერები სუბსიდიას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის სუბსიდიას მიიღებენ.

მან ამის შესახებ განაცხადა 18 მარტს, მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუბსიდიის ოდენობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით.

სუბსიდიის მიღებას შეძლებენ ის ფერმერები, რომლებიც 0.25-დან 1.25 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწის ფართობს ფლობენ.

ფერმერები შეძლებენ, სუბსიდია მიიღონ აგრობარათის სახით და სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის შეძენისთვის გამოიყენონ.

პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში  განსაკუთრებით გაძვირდა დიზელის საწვავი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გამოიყენება.

ასევე გაძვირებულია პროდუქციის მოყვანისთვის საჭირო პრეპარატები და სასუქები.

გასულ კვირას ნეტგაზეთს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, რომ წელს საწვავზე სუბსიდირება არ იქნებოდა.

პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სუბსიდირების პროგრამა საწვავზე არ ვრცელდება.

ფოტო გარეკანზე: სოფლის განვითარების სააგენტო / RDA

მასალების გადაბეჭდვის წესი