ახალი ამბები

ზელენსკი: მაკრონი მოვიწვიე უკრაინაში, რომ გაიგოს, ეს არაფერია თუ არა გენოციდი

17 აპრილი, 2022 • 1020
ზელენსკი: მაკრონი მოვიწვიე უკრაინაში, რომ გაიგოს, ეს არაფერია თუ არა გენოციდი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის მაკრონს გასულ კვირაში ესაუბრა.

“ვფიქრობ, მას სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა უზრუნველყოს რუსეთის დიალოგში ჩართვა. მე მას ვუთხარი, რომ მინდა გაიგოს – ეს არ არის ომი, არამედ სხვა არაფერია თუ არა გენოციდი. მე ის მოვიწვიე, რომ ჩამოვიდეს [უკრაინაში] როცა ექნება ამის შესაძლებლობა. ის ჩამოვა და ნახავს და დარწმუნებული ვარ გაიგებს”, – თქვა ზელენსკიმ.

რამდენიმე დღის წინ ემანუელ მაკრონს ჟურნალისტმა ჰკითხა, გამოიყენებდა თუ არა ჯო ბაიდენის მსგავსად ტერმინ “გენოციდს” უკრაინაში რუსეთის მოქმედებებისთვის, რაზეც მან უპასუხა: “უფრო ფრთხილად ვიქნებოდი მსგავსი ტერმინების გამოყენებასთან, რადგან ეს ორი ხალხი [უკრაინელები და რუსები] ძმები არიან”.

მანამდე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები გენოციდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი