მარიუპოლის მაცხოვრებლების თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში დაკრძალული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების ექსჰუმაცია დაიწყეს, — ინფორმაციას ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულო „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
„ოკუპანტების „წმენდის“ ახალი დონე. მარიუპოლის მცხოვრებლების თქმით, რომლებიც ჯერ კიდევ ქალაქში იმყოფებიან, რუსულმა ჯარებმა დაიწყეს იმ ცხედრების ექსჰუმაციის პროცესი, რომლებიც ადრე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში იყვნენ დაკრძალული. მეტიც, ოკუპანტები კრძალავენ მათ მიერ მოკლული ადამიანების დასაფლავებას. თითოეულ ეზოში აყენებენ საკუთარ ზედამხედველს, რომელიც არ აძლევს მარიუპოლის მცხოვრებლებს გარდაცვლილი ნათესავებისა თუ ნაცნობების მიწისთვის მიბარების საშაულებას. უცნობია, რატომ ხდება ექსჰუმაცია და სად გაიგზავნება ცხედრები. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინულმა დაზვერვამ დააფიქსირა 13 მობილური კრემატორიუმი მარიუპოლში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ყველანაირად ცდილობენ, წაშალონ თავიანთი სამხედრო დანაშაულების კვალი ჩვენს ქალაქში“, — აცხადებს საკრებულო.
მარიუპოლი ალყაშია და რუსეთის შეიარაღებული ძალები მას სისტემატურად ბომბავენ. მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზუსტება, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მარიუპოლში, თუმცა უკრაინული მხარე საუბრობს ათასობით მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეებზე. მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს. ქალაქი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში მარხავენ, ან ხშირად ამასც ვერ ახერხებენ.







