საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარი გასაჯაროვდება. ამის შესახებ მან დღეს, 15 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დოკუმენტის მიმართ ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დოკუმენტი გასაჯაროვდება და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კითხვარის გადმოცემისთანავე შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად მასზე მუშაობა დაიწყო.

“საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება, აქტიურად მუშაობს კითხვარის მომზადების საქმეში, რათა დროულად, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ აღნიშნული დოკუმენტის მომზადება და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის რაც შეიძლება მალე დაბრუნება””, – განმარტა მინისტრმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, რეფორმების გატარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და “მთავრობა რეფორმების გატარების პროცესში შესაბამისი აქტიურობით და გაწეული ძალისხმევით გამოირჩევა”.

“ჩატარებული თუ დაგეგმილი რეფორმების გეგმა გვაძლევს იმის საფუძველს და საშუალებას, რომ მოვამზადოთ აღნიშნული კითხვარი და გადავაგზავნოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”, – აღნიშნა დარჩიაშვილმა ბრიფინგზე.

საქართველოს ევროკავშირისგან კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. მის გასაჯაროებას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ.

რას წარმოადგენს EU-კითხვარი, რომელიც საქართველოს დღეს გადაეცა