ახალი ამბები

რას წარმოადგენს „ნეპტუნი“, რომლითაც უკრაინელებმა „მასკვა“ ჩაძირეს

15 აპრილი, 2022 •
რას წარმოადგენს „ნეპტუნი“, რომლითაც უკრაინელებმა „მასკვა“ ჩაძირეს

უკრაინული მხარის თანახმად, რუსული სარაკეტო კრეისერის, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან „მასკვას“ ჩაძირვის მიზეზი გახდა უკრაინული მართვადი რაკეტა „ნეპტრუნი“.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ორი მართვადი რაკეტა მოხვდა, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა, საბოლოოდ კი ჩაიძირა.

ნეპტუნი, იგივე R-360, არის უკრაინული გემსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა, რომელიც შექმნა კიევის დიზაინის სახელმწიფო ბიურომ – „ლუჩმა“, შეიარაღებაში კი გასულ წელს მიიღეს.

რაკეტის გაშვება, როგორც წესი, სანაპირო სარაკეტო კომპლექსის – РК-360МЦ Нептун-ის საშუალებით ხდება, სადაც ასევე განთავსებულია მართვის პანელი და სამეთაურო პუნქტი.

Nationalinterest.org-ის თანახმად, ნეპტუნი რუსულ Kh-35-ის ბაზაზე შეიქმნა და ამ უკანასკნელის მოდერნიზებულ ვერსიას წარმოადგენს.

ნეპტუნს, განსხვავებით რუსული წინამორბედისგან, მოქმედების უფრო დიდი რადიუსი აქვს – დაახლოებით 280-300 კილომეტრი. ასევე გაუმჯობესებულია მართვის სისტემაც.

რაკეტას შეუძლია მოძრავი და ღუზაზე მყოფი საზღვაო ობიექტების განადგურება.

რაკეტა დაახლოებით 870 კილოგრამს იწონის, საიდანაც 150 კილოგრამი ასაფეთქებელი მასალაა.

უკრაინული მხარის თანახმად, გემს ორი მართვადი რაკეტა მოხვდა. გემის ჩაძირვა რუსულმა მხარემ 15 აპრილს დაადასტურა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას მერე ბომბავს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასაც. მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 200-მდე ბავშვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი